ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა, უკრაინაზე საუბრისას, პუტინს აფრთხილებს


პრეზიდენტი ობამა უკრაინაზე საუბრობს, 28 თებერვალი, 2014
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში შედეგები მოჰყვება.

პარასკევს საღამოს, თეთრ სახლში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინის სუვერენიტეტის დარვევა იქნება და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილების გადაადგილებით არის შეშფოთებული. მან ხაზი გაუსხვა, რომ სურს უკრაინელი ხალხი თვითონ იყოს საკუთარი მომავლის განმსაზღვრელი. ობამამ რუსეთს შეახსენა, რომ [მოსკოვმა] პირობა დადო არ დაარღვიოს უკრაინის სუვერენიტეტი.

პრეზიდენტის გამოსვლამდე, უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას უთხრა, რომ რუსეთი აგრძელებს შვეულმფრენების და სამხედრო თვითმფრინავების შეყვანას ყირიმში.
მან აღნიშნა, რომ ყირიმის მთავარ აეროპორტში რუსული ძალები არიან გამაგრებული. სერგეევმა ასევე დასძინა, რომ მსოფლიო თანამეგობრობიდან მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება სურს.

პარასკევს, კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონთან, გერმანელ კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან ჰერმან ვან რომპოისთან განიხილა.

კრემლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველა ამ სატელეფონო საუბარში ხაზგასმული იყო უკრაინაში ძალადობის შემდგომი ესკალაციის და სწრაფი ნორმალიზაციის საჭიროება.
XS
SM
MD
LG