ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედური არჩევნები 2022 


ამერიკის მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, ახლა კი ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის მოქალაქეებმა კონგრესის ორივე პალატაში საკუთარი წარმომადგენლები აირჩიეს.

სენატსა და წარმომადგენელთა პალატას არჩევნებამდე დემოკრატები აკონტროლებენ, თუმცა ხმების დათვლის დამთავრების შემდეგ ორივე პალატაში შესაძლოა რესპუბლიკელებმა მოიპოვონ უმრავლესობა.

სენატი 100 სენატორისგან შედგება. დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს უმრავლესობის მოსაპოვებლად 51 წარმომადგენელი სჭირდებათ.

ვაშინგტონის დროით ღამის 11 საათზე, CNN-ის წინასწარი მონაცემებით დემოკრატებს ამ დროისთვის 43 სენატორი, ხოლო რესპუბლიკელებს 45 სენატორი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დემოკრატების 43 ადგილიდან 2 დამოუკიდებელ კანდიდატებს ეკუთვნის.

Fox News-ის მონაცემებით კი დემოკრატებს ამ დროისთვის სენატში 45 წარმომადგენელი ჰყავთ, 45 წარმომადგენელი ჰყავთ რესპუბლიკელებსაც.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ერთი დამატებითი ადგილი სჭირდებათ.

  • არჩევნებამდე სენატში უმრავლესობას დემოკრატები ქმნიდნენ, იმის მიუხედავად, რომ ორივე პარტიას ხმათა ზუსტად ნახევარი, 50-50 სენატორი ჰყავდა. ასე თანაბრად გაყოფილი სენატის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის, რომლიც მიმდინარე მოწვევის კონგრესში დემოკრატი კამალა ჰარისია.

წარმომადგენელთა პალატში 435 კონგრესმენია და უმრავლესობისთის აქ პარტიას 218 მანდატი სჭირდება. ამ დრომდე კონგრესსაც დემოკრატები აკონტროლებდნენ, თუმცა არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ჰყავთ 160 წარმომადგენელი. ასევე CNN-ზე დაყრდნობით, რესპუბლიკელებმა დამატებით მიპოვეს სულ მცირე 5 ადგილი, რომელიც მანამდე ტრადიციულად დემოკრატიული მანდატი იყო. დემოკრატებს კი CNN-ის ინფორმაციით ამ დროისთვის 102 მანდატი აქვთ.

Fox News-ის წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის დემოკრატებმა მოიპოვეს 81 ადგილი წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო რესპუბლიკელებმა 135.

ხმების საბოლოო დათვლამდე, ანალიტიკოსების პროგნოზებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს სავარაუდოდ დაკარგავენ. რესპუბლიკელებისთვის ასევე ოპტიმისტურად გამოიყურება სენატისთვის ბრძოლა, თუმცა სენატის ხმების დათვლას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

წლევანდე შუალედურ არჩევნებში 42-მა მილიონმა ამერიკელმა ხმა წინასწარ, საარჩევნო ბიულეტენის ფოსტით გაგზავნით მისცა. ამან შესაძლოა ხმების დათვლის დრო შეანელოს.

XS
SM
MD
LG