ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ირანში


არეულობა ირანში

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ათწლეულებით გამყარებული ავტოკრატიული რეჟიმების დამხობა გამოიწვია. ანტისამთავრობო დემონსტრაციები ირანში ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის. ირანული ოპოზიცია 2009 წლის არჩევნების წინააღმდეგობრივი შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული ხშირად აწყობდა საპროტესტო გამოსვლებს. თუმცა, უკანასკნელ დღეებში დემონსტრაციების განახლებამ ქვეყნის ხელისუფლება სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა.

ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ირანის ხელისუფლებას ერთის მხრივ მხარი დაუჭიროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და ისინი 1979 წლის ისლამურ რევოლუციას დაუკავშიროს, მეორეს მხრივ კი სასტიკად გაუსწორდეს ოპოზიციურ ჯგუფებს საკუთარ ქვეყანაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ხაზი გაუსვა რა ირანის მთავრობის ორმაგ პოლიტიკას, აღნიშნა:

“რეჟიმი, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში განუხრელად მხარს უჭერდა დემონსტრანტებს ეგვიპტეში და ტუნისში, ახლა საკუთარ ხალხს იმავე უფლებების სამართლიან მოთხოვნაზე უარს უცხადებს. ეს ყოველივე ირანული მთავრობის ნამდვილ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს.“

ექსპერტები არაბულ სამყაროს რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახლო აღმოსავლეთში სერიოზულ პრობლემებს ქმნის მზარდი შობადობა, საკვებზე ფასების განუხრელი ზრდა, მოსახლეობის საცხოვრებლით დაუკმაყოფილებლობა და პოლიტიკური თავისუფლებების არქონა. ეს ყოველივე ირანისთვისაც უცხო არ არის. „აჰმადინეჟადის მთავრობას კარგად ესმის, რომ რევოლუციების მხარდაჭერა მის ავტორიტეტს და გავლენას ზრდის რეგიონში, მაგრამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკას სეროზულ დარტყმას მიაყენებს. ამიტომაც საკმაოდ რისკიან ნაბიჯებს დგამს“, აღნიშნავს კამერონ აბადი, ჟურნალ „ფორინ პოლისის“ მიმომხილველი.

ბარბარა სლავინი „ატლანტიკური საბჭოდან“ კი ამბობს:

“რა თქმა უნდა ირანი სარგებლობს მუბარაქის და ბენ ალის გადადგომის ფაქტით. ამ ლიდერებს ხომ ამერიკა უჭერდა მხარს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც: წარსულში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკოსები ირანს დიდი აღფრთოვანებით უყურებდნენ უფრო იმიტომ, რომ იგი ისრაელის წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრ და უკომპრომისო პოლიტიკას ატარებდა. სიტუაცია შეიცვლება მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში დემოკრატიულად არჩეული ლიდერები მოვლენ, რადგან ირანის გაიდეალება და გმირად წარმოჩენა აღარავის დაჭირდება“.

ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური თავისუფლება თანდათანობით ფეხს იკიდებს. სავსებით შესაძლებელია ირანიც მალე გათავისუფლდეს ტირანიისგან. ჯერჯერობით კი, მთავრობა ნებისმიერ მოთხოვნას რეფორმების გატარებისთვის დაუნდობელი ბრძოლით პასუხობს.

XS
SM
MD
LG