ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ახალი მონიტორი ეყოლება


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ახალი მონიტორი ეყოლება

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ახალი საგანგებო მომხსენებლის პოზიცია დაამტკიცა. მისი ფუნქცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მზარდი რაოდენობის დეტალური გამოძიება იქნება. კომისიამ დადგენილება 22 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღო და მას მხარს ამერიკასთან ერთად 50 სხვა ქვეყანაც დაუჭერს.

2002 წლის შემდეგ გაეროში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევაზე ზედამხედველობის ორგანო სპეციალურად ერთი ქვეყნისთვის დაწესდა და პირველი მსგავსი დადგენილება მას შემდეგ, რაც გაერომ 2006 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კომისია ადამიანის უფლებების საბჭოთი ჩაანაცვლა. თუკი ირანის ხელისუფლება გაეროს მოთხოვნას გაითვალისწინებს და საგანგებო მომხსენებელს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს, ეს 2005 წლიდან ირანში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველის პირველი ვიზიტი იქნება.

ელენ ჩემბერლენ დონაჰიუ, შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში, აცხადებს, რომ, დადგენილებამ საყოველთაო მხარდაჭერა იმიტომ მოიპოვა, რომ ირანში ადამიანის უფლებები მართლაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

კენჭისყრას გაეროს გენერალური მდივნის, ბან კიმუნის, მოხსენება უძღოდა წინ. მან ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები გააცნო საბჭოს. მათ შორის იყო: უსაფუძვლო დატყვევების და პატიმრობის შემთხვევები, სიკვდილით დასჯის მზარდი რიცხვი, სასტიკად წამების ფაქტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შევიწროება და დასჯა, რეპრესიები ადვოკატების, ჟურნალისტების და ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ.

ირანელი ნობელის პრემიის ლაურიატის, შირინ ებადის, თქმით, აღნიშნული პოზიციის დამტკიცება ეს არის „სერიოზული გზავნილი ირანელი ხალხის მიმართ, რომელიც ძალას მისცემს მათ და მიახვედრებს, რომ ისინი დანარჩენი სამყაროსგან დავიწყებულნი არ არიან და მათი უფლებების დარღვევის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება მუდამ შეუწყნარებელი იქნება“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, განაცხადა: „საგანგებო მომხსენებლის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიება და მისი ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას დაეხმარება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ირანში და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღოს. ეს კიდევ ერთი საშუალებაა ხმა მივცეთ უამრავ ირანელს, რომლებიც არამარტო რეფორმებისთვის იბრძვიან, არამედ ქვეყნის ხელისუფლებისგან მათი ელემენტარული უფლებების და თავისუფლებების დაცვას მოითხოვენ."

XS
SM
MD
LG