ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებამდე, GRU-ის ოფიცერი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა


ოლეგ ივანიკოვი - ცხინვალელი სეპარატისტების "თავდაცვის ექს მინისტრი" 298 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ოფიცერი ოლეგ ივანიკოვი, რომელიც 2014 წლის ივლისში, უკრაინის საჰაერო სივრცეში, „მალაიზიის ავიახაზების“ სამოქალაქო „ბოინგის“ ჩამოგდებასა და 298 ადამიანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, წლების მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ტერაქტების დაგეგმვით იყო დაკავებული.

დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Belligcat-ის გამოძიებიდან ირკვევა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ივანიკოვი „ანდრეი ლაპტევის“ ყალბი სახელით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, 2004 წლის ზაფხულში გადაისროლა.

საქართველოს შინაგანი ჯარის მებრძოლები ცხინვალის სიახლოვეს 2004
საქართველოს შინაგანი ჯარის მებრძოლები ცხინვალის სიახლოვეს 2004

ზუსტად იმ დროს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობა დახურა და კონფლიქტის ზონაში, შინაგანი ჯარის ნაწილები შეიყვანა. ამ ნაბიჯებს, აგვისტოში, ცხინვალის გარშემო, სისხლისმღვრელი ბრძოლები მოჰყვა. შეტაკებებში საქართველომ 16 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ეროვნული გმირი - კაპრალი ზაზა დამენია.

ივანიკოვი-„ლაპტევი“ 2004-06 წლებში ე.წ „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ შტაბს ხელმძღვანელობდა, 2006-08 წლებში კი „თავდაცვის მინისტრად“ მუშაობდა. თანამდებობა მან 2008 წლის აგვისტოს ომამდე დატოვა. მოგვიანებით, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კავკასიაში საინფორმაციო ომის კომპლექსური ხასიათი“.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატარებული ოთხი წლის მიუხედავად, GRU-ს ოფიცრის ცხინვალში „სამსახურებრივი მივლინების“ ამსახველი ერთი ფოტოსურათიც კი არ არსებობს. „საჯარო შეხვედრებზე“, სადაც სიტყვით გამოსულა და „ოსური მედალიც“ მიუღია, ივანიკოვ-„ლაპტევი“ არცერთ კადრში არ ჩანს.

"ანდრეი ლაპტევის" ფოტო ცხინვალში ისეა მოჭრილი, რომ იგი კადრში არ აღმოჩნდეს
"ანდრეი ლაპტევის" ფოტო ცხინვალში ისეა მოჭრილი, რომ იგი კადრში არ აღმოჩნდეს

​დიმიტრი სანაკოევმა, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა სეპარატისტულ სტრუქტურებში, 2006 წლიდან კი პროქართულ „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას“ ხელმძღვანელობს, „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ოლეგ ივანიკოვი და „ანდრეი ლაპტევი“ ნამდვილად ერთი და იგივე პიროვნებაა:

ნამდვილად ეგ არის, იმ პერიოდში გაზეთებში და ტელევიზიაში არსად არ ჩანდა. მე როგორც ვიცი, ის გენერალ სერგეი მაკაროვის განკარგულებაში იყო"
დიმიტრი სანაკოევი, "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი

„ნამდვილად ეგ არის, იმ პერიოდში გაზეთებში და ტელევიზიაში არსად არ ჩანდა. მე როგორც ვიცი, ის გენერალ სერგეი მაკაროვის განკარგულებაში იყო, რომელიც ჯერ რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შტაბის უფროსი გახდა. თავად ივანიკოვ-ლაპტევი ე.წ „თავდაცვის მინისტრის“ მოვალეობას ცხინვალში 2008 წლის მარტამდე ასრულებდა.“

Belligcat-მა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ოფიცერი თითქმის ოთხწლიანი მუშაობის შედეგად გაშიფრა. 2014 წლის 18 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, „მალაიზიის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდების შემდეგ, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინის უსაფრთოების სამსახურმა რამდენიმე საყურადღებო სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ავიაკატასტროფის ადგილი აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014
ავიაკატასტროფის ადგილი აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014

ამ ჩანაწერებში, რომლებიც მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფარული მიყურადების შედეგად იქნა მოპოვებული, რუსეთის ტერიტიტორიიდან, უცნობი პირი, „ნიკოლაი ფიოდოროვიჩი“, მეტსახელად „დელფინი“ და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი „ანდრეი ივანოვიჩი“, მეტსახელად „ორიონი“, რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში საზენიტო სარაკეტო კომპლექს Buk-M1-ის საიდუმლო ტრანსპორტირების დეტალებს განიხილავენ. „ორიონი“ სხვა ჩანაწერებში Buk-ის შესახებ პრორუს სეპარატისტებთანაც საუბრობს.

სწორედ ამ Buk-M1-დან გასროლილი რაკეტით, რომელიც გამოძიების მიხედვით, რუსეთის ქალაქ კურსკში დისლოცირებულ, რუსეთის არმიის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის, ოკუპირებულ ქალაქ სნეჟნოესთან ახლოს, "დელფინისა" და "ორიონის" სატელეფონო საუბრიდან, ოთხი დღის შემდეგ, 17 ივლისს, მალაიზიური „ბოინგი“ იქნა ჩამოგდებული.

სატელეფონო ჩანაწერების სამი ექსპერტიზისა (აშშ, ჰოლანდია, ლიტვა) და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება-ანალიზის შედეგად Belligcat-მა 2017 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ „ნიკოლაი ფიოდოროვიჩი“ რუსეთის არმიის თადარიგის გენერალი ნიკოლაი ტკაჩოვია. იგივე მეთოდიკით დადგინდა სპეციფიური ხმის მქონე, „ანდრეი ივანოვიჩის“- „ორიონის“ ვინაობა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ოლეგ ივანიკოვი აღმოჩნდა.

მორიც რაკუჟიცკი (შუაში) გამოძიების შედეგებზე საუბრობს
მორიც რაკუჟიცკი (შუაში) გამოძიების შედეგებზე საუბრობს

საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოების მდიდარი გამოცდილების მქონე ივანიკოვი, GRU-მ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაისროლა. მას ექვემდებარებოდა, როგორც ე.წ „დონეცკისა“ და „ლუგანსკის“ „რესპუბლიკების“ ბოევიკები, ისე კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებიც. Belligcat-ს გამომძიებელი ჟურნალისტი მორიც რაკუჟიცკი ამბობს:

მან თანხმობა განაცხადა ამ ოპერაციაზე, კოორდინირება გაუწია Buk-ის ტრანსპორტირებას; შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მასვე ექვემდებარებოდა Buk-ის ეკიპაჟიც"
მორიც რაკუჟიცკი, Belligcat-ს გამომძიებელი ჟურნალისტი

„ივანიკოვი ტკაჩოვთან ერთად იყო სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომ Buk-M1 პრორუსი სეპარატისტებისთვის გადაეცათ. მან თანხმობა განაცხადა ამ ოპერაციაზე, კოორდინირება გაუწია Buk-ის ტრანსპორტირებას. შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მასვე ექვემდებარებოდა Buk-ის ეკიპაჟიც. თავად ივანიკოვი ფიზიკურად იმ დროს ლუგანსკში იმყოფებოდა.“

გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა (JIT), რომელშიც ნიდერლანდების, მალაიზიის, ავსტრალიის, ბელგიისა და უკრაინის გამომძიებლები შედიან, გასულ კვირას, „მალაიზიის ავიახაზების“ სამოქალაქო „ბოინგის“ ჩამოგდებასა და 298 ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. საერთაშორისო გამოძიებით დამტკიცდა, რომ Buk-M1, რომლითაც ბოინგი ჩამოაგდეს რუსეთიდან იქნა შემოყვანილი, ხოლო რაკეტა სერიით 9Д1318869032 რუსეთის არმიის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში იყო.

Buk-M1 აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლის ივლისი
Buk-M1 აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლის ივლისი

Belligcat-ის მონაცემებით, MH17-ის ჩამოგდებაზე GRU-ს ოფიცერ ივანიკოვისა და თადარიგის გენერალ ტკაჩოვის გარდა, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის კიდევ 20 უმაღლესი თანამდებობის პირია პასუხისმგებელი, მათ შორის, პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ.

„მალაიზიის ავიახაზების“ სამოქალაქო „ბოინგის“ ჩამოგდებამ სრულიად უდანაშაულო მგზავრების და ეკიპაჟის: 193 ჰოლანდიელის, 43 მალაიზიელის, 27 ავსტრალიელის, 12 ინდონეზიელის, 10 ბრიტანელის, 4-4 გერმანელისა და ბელგიელის, 3 ფილიპინელის, თითო კანადელისა და ახალი ზელანდიელის სიცოცხლე შეიწირა, გარდაცვლითა შორის - 80 ბავშვი და 18 წლამდე მიუღწეველი პირია. რუსეთის ფედერაცია ყველა ბრალდებას უარყოფს.

„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგში" დაღუპულთა გადასვენება უკრაინიდან ნიდერლანდებში, 2014
„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგში" დაღუპულთა გადასვენება უკრაინიდან ნიდერლანდებში, 2014

2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში დაღუპული ქართველი მეომრები

უფროსი ლეიტენანტი თეიმურაზ არათანაშვილი, კაპრალი ზაზა დამენია, კაპრალი იგორ ტყემალაძე, კაპრალი კობა შუბითიძე, კაპრალი გიორგი ბეგაშვილი (ყველა - კომანდო), უმცროსი სერჟანტი დავით შიომღდვლიშვილი, კაპრალი რევაზ ვეფხვაძე, კაპრალი ბონდი კახოიძე, კაპრალი ვიქტორ ოვსიანიკოვი, კაპრალი კობა კერვალიშვილი, კაპრალი გიორგი ქორქია (ყველა თელავის 111-ე ბატალიონი), უმცროსი სერჟანტი ნოდარ გველუკაშვილი, რიგითი ჯიმშერ სამხარაძე (ორივე შინაგანი ჯარი), მერაბ ფილიშვილი, ლაშა კაკულია (ორივე შსს), კაპრალი გიორგი ლომიძე (შავნაბადის ბატალიონი)


XS
SM
MD
LG