ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება: რუსი გენერალი MH17 ჩამოგდებას პირდაპირ უკავშირდება


რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩოვი
რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩოვი

მალაიზიის ავიახაზების რეისი 17-ის (MH17) დონბასში ჩამოვარდნის გარემოებების საგამომძიებლო ჯგუფი გაითვალისწინებს ჟურნალისტური ჯგუფის „ბელინგკეტი“ და რუსული ჟურნალის „ინსაიდერი“ მიერ მოკვლეულ მასალას, რომელიც რუსი გენერალ-პოლკოვნიკ ნიკოლაი ტკაჩოვის ინციდენტთან კავშირს ეხება. ნიდერლანდების პროკურატურა ადასტურებს ინფორმაციას ამ მასალის მიღების და განხილვის თაობაზე.

MH17 აფეთქების სიმულაცია
MH17 აფეთქების სიმულაცია

„ბილინგკეტის“ და „ინსაიდერის“ გამომძიებლებმა პარასკევს ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც მათ დაადგინეს იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა. საქმე ეხება იმ სამხედრო მოსამსახურე პირს, რომელსაც გამოძიება დღემდე მეტსახელით „დელფინით“ იცნობდა და მისი ნამდვილი ვინაობა არ იცოდა. „დელფინი“ სატელეფონო ჩანაწერებში ფიგურირებს, რომლებიც გამოძიებას უკვე აქვს. „ბილინგკეტის“ და „ინსაიდერის“ ინფორმაციით, ეს რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩოვია. ამჟამად ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ოლქის მთავარი ინსპექტორია.

„ბილინგკეტის“ და „ინსაიდერის“ გამომძიებლებმა „დელფინსა“ და ტკაჩოვს შორის კავშირი მას შემდეგ დაადგინეს, რაც ტკაჩოვთან ინტერვიუ ჩაწერეს. ამ ორი აუდიო ჩანაწერის ანალიზს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კვლევითი ინსტიტუტი აწარმოებდა. ერთი მათგანი ამერიკის ქალაქ დენვერში და მეორე კი ლიტვაში მდებარეობს. „დელფინის“ სატელეფონო ჩანაწერები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მალევე მოიპოვა. ავიაკატასტროფის გამომძიებელმა საერთაშორისო ჯგუფმა კი ის საჯაროდ გამოაქვეყნა. „დელფინის“ სატელეფონო საუბრები ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე არის წარმოებული.

MH17-ის კატასტროფის ადგილი
MH17-ის კატასტროფის ადგილი

ტკაჩოვი ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების ვეტერანია და მას სიმამაცის ორდენები აქვს მინიჭებული. 2010 წელს ის სამხედრო სამსახურიდან მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაითხოვა, რის შემდეგაც ის სამხედრო რეზერვში გადავიდა. ტკაჩოვი მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა სირიის საკითხებში. ცოტა ხნის წინ კი ის ცენტრალური სამხედრო ოლქის მთავარი ინსპექტორის პოსტზე დანიშნეს.

„ბილინგკეტის“ და „ინსაიდერის“ გამოძიების თანახმად, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე ტკაჩოვი უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ლუგანსკის რეგიონის ქალაქ კრასნოდონში ჩავიდა. გამოძიება ასევე ამბობს, რომ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, რომ ტკაჩოვი ლუგანსკის რეგიონში სეპარატისტებისა და რუსი სამხედრო დანაყოფების კოორდინაციას ახდენდა.

ტკაჩოვი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან საერთო არაფერი აქვს.

მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო რეისი 2014 წლის 17 ივლისს დონბასის თავზე რაკეტით იქნა ჩამოგდებული. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. საერთაშირისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „ბუკის“ რაკეტით იქნა ჩამოგდებული. ასევე გამოძიების თანახმად, ეს შეიარაღება დონბასში რუსეთიდან შეიტანეს. MH17-ს რაკეტა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ესროლეს. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ვერსია იმის თაობაზე, თვითმფრინავის ჩამოგდება რუს სამხედრო პირებთან იყო კოორდინირებული, თუ სეპარატისტებმა ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG