ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში მილსადენის აფეთქებას 79 ადამიანი ემსხვერპლა


მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მილსადენის აფეთქებამ 79-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ იდალგოს შტატის გუბერნატორმა განაცხადა.

გუბერნატორი ომარ ფაიადმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობამ თითქმის 80-ს მიაღწია. თავდაპირველი მონაცემებით, მხოლოდ 20 ადამიანი იყო გარდაცვლილი, 60-მდე ადამიანს კი მძიმე დამწვრობები ჰქონდა მიღებული.

საწვავის გაჟონვა და შემდეგ აფეთქება იმან გამოიწვია, რომ ადამიანების ჯგუფმა, სავარაუდოდ საწვავის მოპარვის მიზნით, მილსადენი განზრახ დააზიანა. გავრცელდა ვიდეო-მასალაც, რომელშიც ჩანს, რომ ნაპრალის სიახლოვეს სეკრებული ადამიანები სხვადასხვა ჭურჭლით ცდილობენ საწვავის შეგროვებას მანამ, სანამ აფეთქება მოხდებოდა.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. გარდა იმისა, რომ ეს უკანონოა, ეს ჩვენი, ყველას სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, რომელიც ამგვარი დანაშაულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, კაბინეტის წევრებს მოუწოდა აფეთქების ადგილას მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთონ.

ოფიციალური მონაცემებით მექსიკა საწვავის ქორდობის გამო ყოველწლიურად 3 მილიარდი ამერიკული დოლარით ზარალდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG