ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი თეთრ სახლში მერკელს უმასპინძლებს


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უმასპინძლებს. მერკელის ვაშინგტონში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაზიანებული ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება.

შეერთებული შტატები და გერმანია ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მაგრამ მათ რამდენიმე დიდ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ საკითხებს შორისაა რუსული მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2. მილსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსულ გაზს გერმანიაში ჩაიტანს. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ამით ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

ისინი ასევე ვერ თანხმდებიან ჩინეთთან ბიზნეს გარიგებების საკითხზე, შეერთებული შტატებიდან ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვებზე და კოვიდ-19-ის ვაქცინის გლობალურად წარმოების მიზნით პატენტის გაცემის საკითხზე, რაზეც გერმანია უარს ამბობს.

78 წლის ბაიდენი და 66 წლის მერკელი ზოგიერთ საკითხზე პოზიციას იზიარებენ. მაგალითად, გლობალურად დემოკრატიის ხელშეწყობაში, რუსეთის კიბერთავდასხმების ​და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ რეაგირების საკითხში და ჩინეთის მიერ გლობალური ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მიუხედავად სურვილისა და მცდელობისა, ორ ლიდერს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი ურთიერთობაში დასახული მიზნების მისაღწევად. მერკელი, რომელიც კანცლერის პოზიციაზე 2005 წლიდან მსახურობს, სექტემბერში დანიშნული გერმანიის არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სავარაუდოდ, ლიდერის პოზიციაში დარჩება მთავრობის შერჩევის პროცესში, თუმცა ჯერ უცნობია მათთან ერთად ვინ შევა კოალიციურ მთავრობაში.

ამასთან, ჯო ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას კონგრესში უმრავლესობა აქვს, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობა შესაძლოა 2022 წლის შუალედურ არჩევნებში დაკარგონ.

მიუხედავად გამოწვევებისა, მერკელი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, რაც ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიანიშნებს.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG