ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი პუტინს მოუწოდებს, ჯარები უკან დახიოს


უკრაინის არმიის ჯარისკაცი დონეცკის მახლობლად. 7 აპრილი, 2021წ.
უკრაინის არმიის ჯარისკაცი დონეცკის მახლობლად. 7 აპრილი, 2021წ.

ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკან დახიოს ჯარის ნაწილები, რომელთა კონცენტრაციაც უკრაინის საზღვართან ხდება. კრემლს მორიგ სამხედრო ესკალაციაში არამარტო უკრაინა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც ადანაშაულებენ.

"კანცლერმა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაზრდილი ძალების შემცირება მოითხოვა". ასეა ნათქვამი გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ, მერკელის და პუტინის სატელეფონო საუბრის ტექსტურ ვერსიაში.

თუმცა, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და უკრაინას კონფლიქტურ რეგიონში "პროვოკაციული ქმედებას" აბრალებს. რუსეთი აცხადებს, რომ მისი ძალები საფრთხეს არ წარმოადგენს, ის თავდაცვითი ხასიათისაა და იქ დარჩება, ვიდრე ამას მოსკოვი საჭიროდ ჩათვლის.

კიევი რამდენიმე დღეა განგაშს აცხადებს უკრაინის საზღვარზე რუსეთის ძალების გაძლიერების და აქტიური გადაადგილების გამო. ეს ძირითადად დონბასის რეგიონის მახლობლად ხდება, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მოქმედებენ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს დონბასში გაფრინდა, სადაც ადგილზე რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ჰიბრიდულ ძალებსა და უკრაინის მხარეს შორის დაპირისპირება თანდათან მწვავდება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შეტაკებები შესაძლოა ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ზელენსკი ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს ხვდება.

„სახელმწიფოს მეთაური მოინახულებს წამყვან პოზიციებს, სადაც ბოლო ხანს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტის რეჟიმი და სადაც მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში სპეკულირებენ, რომ რუსეთი ამას შიდა პოლიტიკიდან ყურადღების გადატანის მიზნით აკეთებს. სექტემბერში რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, მოსკოვში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში კი თანდათან იზრდება საპროტესტო მუხტი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.

"ამას არაფერი აქვს საერთო არცერთ პატიმართან" - თქვა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა, "როიტერთან" საუბარში. მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა სიფრთხილით იმოქმედოს, როცა გვერდზე, "საზღვართან, ისეთი არასტაბილური რეგიონია, როგორიც უკრაინაა და რომელსაც ძალადობის განახლების პოტენციალი აქვს".

დასავლეთში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის ჯარის ქვეყნის საზღვართან მობილიზაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მომატების ფონზე. რუსული სამხედრო შენაერთების მობილიზებამ გააღრმავა შეშფოთებები, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლი შესაძლოა, კონფლიქტის გაფართოებას ცდილობდეს.

6 აპრილს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "ტვიტერზე" განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა „უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მოქმედებების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარე დარღვევების გამო სერიოზული შეშფოთების გამოსახატად“.

„ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორობისადმი ერთგულებას“ - ნათქვამია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაში.

გასულ ხუთშაბათს უკრაინა მიმდინარე ესკალაციაზე დასავლეთის მოკავშირეებს ესაუბრა, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს - ლოიდ ოსტინს. "საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნები და შესაძლო პროვოკაციები ტრადიციული რუსული თამაშებია" - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს ყოველივე კიევში "დაშინების ატმოსფეროს" შექმნას ემსახურება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ "სრულიად შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედების ბოლო ესკალაციით აღმოსავლეთ უკრაინაში". პოლიტიკური მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ კრემლი გამოწვევას უგზავნის და გამოცდას უწყობს ამერიკის ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სატელევიზიო ინტერვიუში მკვლელი უწოდა.

ორშაბათს რუსეთმა თქვა, რომ უკრაინის თაობაზე შეერთებულ შტატებთან მაღალ დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებას. კრემლმა უარყო კიევში გამოთქმული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მის საზღვართან სამხედრო ძალებს ზრდის და ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის სანქციებს უპასუხებს. კიევმა უქმეებზე რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

"ჩვენ ვკონტაქტობთ ამერიკელებთან და ეს მაღალ დონეზე ხდება" . რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" მიხედვით, ამ სიტყვებით აღწერა მიმდინარე მოვლენები სერგეი რიაბკოვმა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის. ბაიდენმა მას ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მას შემდეგ, რაც არამარტო უკრაინამ, არამედ დასავლეთმა და ნატომაც გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების ესკალაციის გამო.

კიევს კონფლიქტი რუსეთთან და კრემლის ხელშეწყობით მოქმედ უკრაინელ სეპარატისტებთან 2014 წლიდან გაყინული აქვს. თუმცა, გასულ კვირაში უკრაინამ რამდენიმე განცხადება გააკეთა ანექსირებულ ყირიმში და სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო გადაადგილებებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG