ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ის პირველი სამკურნალო აბი ამერიკაში დამტკიცებას ელის


კომპანია "მერკის" ლოგო დაფერილ მინაზე

ფარმაცევტულმა კომპანია "მერკმა" განცხადება შეიტანა პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბის დასამტკიცებლად. პრეპარატის სახელია "მოლნუპრავირი" (Molnupiravir). ის "მერკმა" პარტნიორ კომპანია "რიჯბექ ბიოთერაპევტიქსთან" (Ridgeback Biotherapeutics) ერთად შეიმუშავა. განცხადება დღეს თავად ფარმაცევტულმა კომპანიამ გაავრცელა.

თუ "მოლნუპრავირი" ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ეფექტურ და უსაფრთხო წამლად მიიჩნია, ეს იქნება კოვიდ-19-ის პირველი ორალური გზით მისაღები ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე დამტკიცდება. დადებითი გადაწყვეტილება გარდატეხას შეიტანს კორონავირუსის მკურნალობის საქმეში, ვინაიდან ის დაავადების კლინიკურ მართვას ძირფესვიანად შეცვლის. "მოლნუპრავირი" პაციენტს შეუძლია სახლშიც მიიღოს.

კვლევებმა აჩვენა, რომ "მერკში" კოვიდ-19-ის სამკურნალოდ შემუშავებული ექსპერიმენტული მედიკამენტი, სულ ცოტა, ანახევრებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებლებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტებში. კვლევის შედეგები "მერკმა" საჯაროდ ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.


775 ზრდასრულ ადამიანში, ვინც "მოლნუპრავირი" კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5 დღის მანძილზე მიიღო, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელი განახევრდა. ექსპერიმენტში მონაწილეები მწვავე დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში იყვნენ და დასაწყისში, როცა "მოლნუპრავირი" მიიღეს, კოვიდ-19-ის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ამ 775 პაციენტიდან, 29 დღის შემდეგ, მხოლოდ 7.3% იყო ჰოსპიტალიზებული, ან გარდაიცვალა. პლაცებოს მიმღებ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 14.1%-ს შეადგენდა. "მერკი" აცხადებს, რომ 30 დღის შემდეგ, "მოლნუპრავირის" მიმღებ ჯგუფში სიკვდილის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. კვლევას კოლეგების განხილვის ფაზა ჯერ არ გაუვლია და შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ ანტივირუსული აბების დაახლოებით 1.7 მილიონ დოზას შეისყიდის. "მერკი" აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 10 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია.

"მოლნუპრავირის" ფასი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ის გაცილებით იაფი უნდა იყოს სხვა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებთან შედარებით, რომელთა ადმინისტრირება მხოლოდ ინექციით ხდება. შეერთებულ შტატებში აქამდე ავტორიზებული თერაპიები, რომელთა შორის სახელდება "რემდესივირი" და სამი სხვადასხვა ანტისხეულების კოქტეილი, ვენაში ან კუნთში ინექციას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG