ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის თქმით, ის მზადაა მედვედჩუკი ტყვეებში გაცვალოს


ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის სპეცსამსახურებმა, პრორუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი, 12 აპრილს დააკავეს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მედვედჩუკი თებერვლის ბოლოს მიიმალა.

ზელენსკიმ მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომ მზადაა მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს. მედვედჩუკი ოპოზიციური პლატფორმის „სიცოცხლისთვის“ ლიდერი იყო და რუსეთთან ახლო ურთიერთობებს ადვოკატირებდა. ის 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ფინანსური ტერორიზმის ბრალდებით. 67 წლის მედვედჩუკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვს, უარყოფს ბრალდებებს.

პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია უკრაინაში და მისი ქონება სავარაუდოდ ასობით მილიონ დოლარს შეადგენს. მას რუსეთში ენერგო-აქტივებიც აქვს.

უკრაინამ მედვედჩუკის წინააღმდეგ სანქციები 2021 წლის თებერვალში მიიღო, მისი აქტივები გაყინა და სამი ტელევიზია, რომლებიც მთავრობის თქმით, მასთან იყო კავშირში და რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა, დახურა.

მედვედჩუკს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოსამართლემ მას გირაოს სანაცვლოდ სახლის დატოვების უფლება მისცა. მედვედჩუკს შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2014 წელს დაუწესა, უკრაინაში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG