ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო ექსპერტიზის ფრანგი სპეციალისტები ბუჩაში მომხდარს იძიებენ


მოხალისეებს ქ. ბუჩაში დაღუპულები შემდგომი გამოძიებისთვის პროზექტურაში გადაჰყავთ. 12 აპრილი, 2022 წ.

კიევის მახლობლად მდებარე უკრაინის ქალაქ ბუჩაში სასამართლო ექსპერტიზის ფრანგი სპეციალისტები ჩავიდნენ. ისინი ადგილობრივ ოფიციალურ პირებს დაეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა ამ პატარა ქალაქში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის გვამი იპოვეს.

კიევი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპაციის დროს ადამიანებს განურჩევლად ხოცავდნენ და ეს არამარტო ბუჩაში ხდებოდა, არამედ უკრაინის ბევრ სხვა ოკუპირებულ ქალაქში. თუმცა, კიევის მიმდებარე ამ პატარა ქალაქიდან გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო მასალამ გლობალურად დიდი გამოძახილი ჰპოვა და ბიძგი მისცა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებას.

სამშაბათს, ფრანგმა ექსპერტებმა ბუჩაში ცხედრების ეგზგუმაცია დაიწყეს. პარიზის განცხადებით, უკრაინაში ასევე ჩადიან ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტები, გენეტიკური ანალიზის ექსპერტები და რამდენიმე სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე დარგის ექსპერტები, რომლებიც საკუთარ დასკვნებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცემენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას თქმით, ეგზგუმირებულ გვამებს შორის დამწვარი ქალის და ორი ბავშვის სხეულის ნაწილებიც იყო. პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ფრანგი სპეციალისტები უკრაინაში რამდენიმე კვირა დარჩებიან და მათ სიმართლის დადგენაში დაეხმარებიან. "სამწუხაროდ ახლა უამრავი საქმეა ომის დანაშაულთან დაკავშირებით" გამოსაძიებელი, თქვა ვენედიქტოვამ ეკლესიის ეზოში, სადაც ბევრი დაღუპული უკრაინელი სახელდახელოდაა დაკრძალული.

მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიას მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს ამოღებული. კრემლი ბუჩაში მომხდარს დადგმულ სპექტაკლს ეძახის, "გრანდიოზულ სიყალბეს", რომლის მიზანი რუსეთის არმიის დისკრედიტაციაა.

სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც თქვა, რომ ბუჩაში გადაღებული კადრები სიყალბეს წარმოადგენს. კრემლი მეზობელ ქვეყანაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG