ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეფასებები: ამერიკის "ახალი ცივი ომი" რუსეთთან?


ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოდის.
ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოდის.

ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. დღეს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ცივი ომის შემდეგ. აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, გრძელდება შეშფოთება რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებზე გავლენის მცდელობის გარშემო და კითხვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ორ ადმინისტრაციას შორის.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა პარასკევს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ისაუბრა არსებული დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებას მოჰყვა და იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი. ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო.

უკანასკნელი დღეების მანძილზე, რუსეთის საკითხი ამერიკის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ამერიკის ახლანდელი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი რუსეთის ელჩს მანამდე ესაუბრა, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნებს მოიგებდა. ხოლო თებერვალში, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის ელჩს ადმინისტრაციის ცვლილების პერიოდში ესაუბრა ისე, რომ ეს დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტისთვის არ გაუმხელია.

მაკფოლის თქმით, ელჩ კისლიაკის მიზანი იმის გაგება და კრემლისთვის გადაცემა იყო, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნებოდა ტრამპის ადმინისტრაციას. „არ მჯერა, რომ [ჯეფ] სეშენსს არ ახსოვს თუ როგორ ჩაიარა მისმა შეხვედრამ [კისლიაკთან]“, - განაცხადა მან. „მათი მცდელობა, რომ აღნიშნული საკითხი დაფარონ, კიდევ უფრო უცნაურს ხდის მომხდარს.

მაკფოლმა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების მომავალზე ისაუბრა, მან ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების და თანხმობის წერტილები განიხილა. მისი თქმით, „მაშინ როდესაც ტრამპი ამბობს, რომ მას სურს რუსეთთან ‘საერთო ენა გამონახოს’ ის ერთმანეთში ურევს საშუალებას და მიზანს, მიზანი არაა საერთო ენის გამონახვა, ეს არის საშუალება, რათა მიაღწიო მიზანს“,- აღნიშნა მან. მაკფოლის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს კონსენსუსი იმის გარშემო, თუ როგორ უნდა მიუდგენ რუსეთს. მისი თქმით, ადმინისტრაციის ისეთი წევრები, როგორიცაა თავდაცვის მდივანი მატისი და ეროვნული უშიშროების მრჩეველი მაკმასტერი რუსეთის წინააღმდეგ ლმობიერნი არ არიან. „მას არ აქვს რუსეთის რომანტიზებული ხედვა“, - განაცხადა მაკფოლმა მაკმასტერის შეფასებისას. ხოლო ტრამპმზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტრამპს ნამდვილად აქვს სურვილი ურთიერთობების გაუმჯობესების.

„მე ვფიქრობ მას რეალურად სურს, რომ ურთიერთობები დაალაგოს ლიდერებთან, და მართლა ფიქრობს ეს ამერიკისთვის კარგი იქნება“, - განაცხადა მაკფოლმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის როლზე და პოლიტიკაზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მისი თქმით, რუსეთის მიზანი არ არის პრობლემების მოგვარება, ვინაიდან კრემლს სტატუს კვო ხელს აძლევს.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ პუტინმა იცის, რომ ძვირი დაუჯდება საბჭოთა კავშირის ხელახალი შექმნა. მე ვფიქრობ ის ამ „ახალი რუსეთის“ პროექტით სპეკულირებდა და მიხვდა, რომ ეს ბევრი დაუჯდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკრაინელებმა იომეს, და ხშირად ამაზე არავინ საუბრობს. ისინი მიხვდნენ, რომ ამ საზღვარს ვერ შეინარჩუნებდნენ და უკან დაიხიეს. მაგრამ, მისთვის კომფორტულია საზღვრების გაურკვევლობა. ამერიკელები ვცდილობთ, ინჟინრების მსგავსად, რომ პრობლემა ჩვენ გადავწყვიტოთ, და ჩვენ გვინდა მათი მოგვარება. პუტინი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს კონფლიქტების გადაუწყვეტელად დატოვებით, ის ფიქრობს, რომ მომავალში მას ამ კონფლიქტების ღიად დატოვება გამოადგება“, - განაცხადა მაკფოლმა.

საქართველო-რუსეთი ომი

მაკფოლი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და ჩართული იყო მის წინასაარჩევნო კამპანიაში, საქართველო-რუსეთის ომის თემას შეეხო. მისი თქმით, რუსეთი ომს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა და საქართველოს მთავრობა რუსეთის მახეში გაება.

„რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის და მისი მთავრობის მოტყუებისთვის მზადებას 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე და ხდებოდა მზადება [რუსეთის მიერ] სწორედ 2008 წლის ომისთვის“, - აღნიშნა მან. „ეს არ მოხდებოდა, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ქმედებას არ განახორციელებდა, ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. მე ვიცი, რომ ბუშის ადმინისტრაცია მასთან მუშაობდა ამის თავიდან ასაცილებლად. თუ ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა იმას არ ვიხილავდით. მათ ამ ტერიტორიის ანექსია ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა შეიძლება მომავალში მოახდინონ“, - დაამატა მან.

ობამას ადმინისტრაციამ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო საქართველო რუსეთის ომიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. ვაშინგტონში, მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რუსეთის უპასუხოდ დატოვებამ და ურთიერთობების დათბობამ, პუტინის შემდეგ უკრაინაში შეჭრა განაპირობა, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მას არ მოუწევდა ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა.

„პასუხისმგებლობის საკითხის ხელახალი განხილვის გარეშეც ნათელია, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრისთვის და ტერიტორიის ოკუპაციის დაუსჯელად დატოვება მძიმე შეცდომა იყო. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ დასავლეთის სისუსტემ ეპასუხა ომისთვის დასაბამი მისცა მოვლენების სერიას, რომელიც ჩვენივე არჩევნებში რუსეთის ჩარევით დასრულდა“ , - ამბობს ჯეიმი კირჩიკი "საგარეო პოლიტიკის ინიციატივის მიმომხილველი.

ის ფიქრობს, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარუმატებელმა მცდელობამ ნაწილობრივ განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. მისი თქმით, პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი.

„დასავლეთმა არა მხოლოდ უპასუხოდ დატოვა რუსეთი საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევისთვის, არამედ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ომის დაწყებიდან 6 თვეში გადატვირთვის პოლიტიკა უსაჩუქრა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ეს იყო მესიჯი მოსკოვისთვის, რომ დასავლეთი სერიოზულად არ იღებს საკუთარი ღირებულებების და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დაცვას, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის შიში. ორი აზრი არ არსებობს, რომ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მოეხდინა ყირიმის ანექსია და შეჭრილიყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, და რომელშიც ნაწილობრივ ბრალი ობამას ადმინისტრაციის წარუმატებელ პოლიტიკას მიუძღვის“ , - განუცხადა ამერიკის ხმას კირჩიკმა, რომელიც ავტორია წიგნისა „ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბნელი საუკუნის დასაწყისი.“

კირჩიკს ეთანხმება ჰანა ტობურნი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ევრაზიის საკითხებში. მისი განცხადებით, ბუშისა და ობამას ადმინისტრაციების მიერ საქართველო-რუსეთის ომის მტკიცე პასუხის გარეშე დატოვებამ, რუსეთისტვის დაუსჯელობის განცდის შექმნას შეიწყო ხელი.

„[2008 წლის ომის დროს] მტკიცე პასუხის არარსებობამ ჯერ ბუშის და მერე ობამას ადმინისტრაციის მიერ, და ობამას მიერ გადატვირთვის ძალიან მოკლე პერიოდში დაწყებამ პუტინს შეუქმნა განცდა, რომ მას შეეძლო სხვა ტერიტორიებზეც შეჭრილიყო ამაზე პასუხისგების გარეშე“, - ამბობს ის.

ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შტრიხები რუსეთისადმი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. ტრამპის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების გარკვევასთან ერთად, ექსპერტები და პოლიტიკოსები ამერიკის დედაქალაქში განაგრძობენ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგების ანალიზს რუსეთის და რეგიონის მიმართ.

XS
SM
MD
LG