ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოზე ისაუბრეს


შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობა იყო

ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თემაზე ღონისძიება გაიმართა. კონფერენციის თანასპონსორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იყო.

შეხვედრა ამერიკის სენატორმა ჯონ მაკეინმა გახსნა. მან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებაზე ისაუბრა. სენატორმა ასევე განაცხადა, რომ ორი სამაგალითო არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ დემოკრატიული გზით სვლა უნდა გააგრძელოს:

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი პრეზიდენტი საქართველოსთვის საკუთარი გამარჯვებით იმდენის გაკეთებას შეძლებს, რაც სააკაშვილმა დამარცხების აღიარებით შეძლო. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის სამაგალითო არ იყვნენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დაშვებული იქნა შეცდომები და ვარდების რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ განვითარების გზაზე სიახლეებისთვის მზად იყო. ახლა მთავრობის მიმართ მოლოდინი უფრო მაღალია და ეს ასეც უნდა იყოს. ახალი მთავრობისგან მოველით, გააგრძელოს წინა 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით კი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ.“

შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობა იყო. ერთი ფაქტორი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იყო. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება მოდუნდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა:

„ჩვენი ხედვა ფართო და უცვლელია - ერთიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპა, თავისუფალი ხალხი. ეს თავდაპირველი ხედვაა და დღევანდელობასაც მიესადაგება. ამ ხედვაში უნდა შევიდეს ადგილობრივი ასპექტებიც. საქართველოს შემთხვევაში ეს რთული გამოწვევებია. არის ხოლმე დრო, როცა ყურადღება გვეფანტება. მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობის საქმეა ეს შემთხვევები გამოასწოროს. ეს ვაშინგტონია და ვაშინგტონს ყურადღება ეფანტება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერა სუსტდება.“
ამერიკის ჩართულობა საქართველოს მიმართ ორმა ყოფილმა დიპლომატმაც შეაფასა. ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი ამ ტენდენციას ოპტიმისტურად აფასებს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი კი ამბობს, რომ ვაშინგტონმა მეტად უნდა იაქტიუროს:

„ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციაში მუშაობენ არ იტყვიან, რომ ცუდად ასრულებენ საქმეს. დისკუსიის საერთაშორისო მონაწილეებმა და ზოგიერთმა ამერიკელმაც გააჟღერა მოსაზრება, რომ ამერიკის მხრიდან საჭიროა უფრო აქტიური ლიდერობისა და პრაქტიკული პოლიტიკის დანახვა.“

დისკუსიაზე საქართველოში დემოკრატიის ხარისხზეც ისაუბრეს. საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დემოკრატიული პროცესი ეკონომიკურ განვითარებას დაუკავშირა:

„საქართველოში გვაქვს “შურისძიების დემოკრატია.“ გვყავს სატელიტი მთავრობა და სატელიტი პრეზიდენტი. ეს არ არის დემოკრატია, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის აქ ზოგიერთი ადამიანი. თუ ქვეყანაში კონტრ-რეფორმები გაგრძელდა, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაც გაქრება.“

ბენდუქიძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება ელიტური კორუფციის ბრალდებით არადემოკრატიულობისა და უსამართლობის განოხატულებაა:

„ახალი მთავრობა მართავს პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, რომელსაც ელიტური კორუფციის გამოძიება შეუძლია და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საბოლოო ჯამში გვაქვს კორუფციის ორი საქმე. ელიტურ კორუფციაზე სამხილის გარეშე საუბარი უსამართლობაა, დიდი უსამართლობა.“

თემურ იაკობაშვილმა მაღალჩინოსნების დაპატიმრების თემა ამერიკის რეგიონალური ინტერესების შესაძლო დაზიანებას დაუკავშირა. კურტ ვოკერი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ეს სხვა ღირებულებების დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს:

„ხალხს სამართლიანობა სურს. თუ მოქმედმა ან ყოფილმა მაღალჩინოსანმა კანონი დაარღვია საქმე უნდა იქნას გამოძიებული და გასამართლებული ჩვეულებრივი პროცესების დაცვით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი უნდა დაისაჯოს. შეშფოთება მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს აპატიმრებენ სასამართლომდე ან პოლიტიკური მიზეზით და არა ჩადენილი დანაშაულის გამო. ამ შეხედულებების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.“

გერმანიის მარშალის ფონდში გამართული კონფერენცია ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ ბოლო დროს ვაშინგტონში გამართული ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
XS
SM
MD
LG