ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის საქართველო და მოლდოვა ემზადებიან, უკრიანა პროცესს გამოეთიშა


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ერთ კვირაში ვილნიუსში გაიმართება. პოსტ საბჭოთა სივრციდან ევროგაერთიანების მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემოთავაზება თავდაპირველად სომხეთს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ჰქონდა. სომხეთმა ფსონი რუსეთის საბაჟო კავშირის სასარგებლოდ თავიდანვე გააკეთა. გუშინ კი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება უკვე უკრაინამ მიიღო, რომელმაც ექს პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა და რუსეთის ენერგომატარებლების შეღავათიანი ფასის მიღების პირობით დასავლურ ინტეგრაციაზე უარი განაცხადა. საქართველოს თავის საგარეო კურსი დიდი ხანია არჩეული აქვს. რას მიიღებს ქვეყანა ევროგაერთიანებასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით და რამდენ წელიწადში უნდა ველოდოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გადაწყვეტილებას, ამ საკითხებზე ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტს თეა თუაშვილს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბარნარდის კოლეჯის პოლიტიკურ საკითხთა პროფესორი ალექსანდრ ქული ესაუბრა.

ლიტვა - ბალტიისპირეთის ქვეყანა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ევროკავშირს მომავალ კვირას საქართველოსთვის ისტორიული ხელშეკრულების პარაფირების ადგილია. 28-29 ნოემბერს ვილნიუსში იწყება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც საქართველოსთვის დასავლეთთან დაახლოვების მიზნით მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კოლუმბიის უნივერისტეტის ბარნარდის კოლეჯის პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი, ალექსანდრ ქული, რომელსაც საქართველოს თემატიკაზე არაერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული ამ ისტორიულ მოვლენას ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აფასებს.

ალექსანდრ ქული: ფაქტია, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის საბაჟო კავშირს. რუსეთის მიერ ინიცირებულ უსაფრთხოების არცერთ ინიციატივას. საქართველოში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დასავლური კურსი. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. საქართველო მომავალ კვირას ვილნიუსში დაიწყებს ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესს, და ვფიქრობ რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არის თანმიმდევრული მიდგომა. ეს არის განცხადება პოლიტიკურ ინტეგრაციაზე და განზრახვაზე. თბილისი აცხადებს, რომ ჩვენი მომავალი ევროპას უკავშირდება და რაღაცა პერიოდის შემდეგ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით. სხვა საკითხია არის თუ არა ევროკავშირის კარი ღია ამისთვის, შესაძლოა ეს 10 წლის განმავლობაში მოხდეს.

მოლდოვა და საქართველო - ამჟამად მხოლოდ ეს ორი ქვეყანა ემზადება ვილნიუსის ისტორიული სამიტისთვის. სომხეთმა რუსეთის ქოლგის ქვეშ ყოფნა არჩია, უკრაინამ საკუთარი ხალხის არჩევანზე და იულია ტიმოშენკოს ციხიდან გამოშვებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ, უკრაინის სახით რუსეთმა ენერგომატარებლების ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებელი შეინარჩუნა. საგულისხმოა, რომ მოლდოვაში და საქართველოშიც სეპარატისტული რეგიონების პრობლემაა, სადაც კონტროლს ისევ რუსეთი აწესებს.

ალექსანდრ ქული: რუსეთის ფრონტზე, ალბათ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რომ ურთიერთობის ახალი ტონი შეირჩეს და დიალოგის გზა მოინახოს, რომელიც პროდუქტიულ შედეგზე იქნება გათვლილი. საქართველოს ახალი ხელისუფლება უფრო დიალოგისკენ ისწრაფვის, ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებული მიდგომაა. თუმცა ამას შეიძლება შედეგი არ მოჰყვეს, თუკი თავად რუსეთი არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს საქართველოს პოლიტიკურ სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს რომ რუსეთის რომელიმე ორგანიზაციას უნდა შეუერთდეთ.

რუსეთმა უკრაინის გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირზე გამარჯვება მოიპოვა, თვლის ალექსანდრ ქული. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია შექმნას, რომელიც რეგიონში მისი კონკურენტი იქნება.

ალექსანდრ ქული: ევროგაერთიანებაში ბევრს არ სურდა რომ ეს ორგანიზაცია გეო-პოლიტიკურ ჭრილში განეხილა. ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატი და კომისრები ძალიან ყოყმანობდნენ განეხილათ საკუთარი თავი როგორც რუსეთის ალტერნატივა, ან რუსეთის მეტოქე. თუმცა რუსეთი პირიქით ბრიუსელთან ამას ღიად ავლენდა. ევროკავშირის ფინანსური კრიზისის კვალდაკვალ შექმნა საბაჟო კავშირი, ამით ცდილობდა ახალი არქიტექტურის შექმნას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით, რომელიც იქნებოდა ალტერნატიული ვექტორი ევროკავშირის სარგებლის გადასაქაჩად. და ახლა ალბათ ბევრი ევროპელი უკვე აცნობიერებს, რომ ეს ბრძოლა ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე მართლაც ამ შეჯიბრითობის პრინციპით წარიმართა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მიერთებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყნებს შორის თავისუფალ მიმოსვლას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, სამართლებრივ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე გარკვეულ პროექტებზე ფინანსურ მხარდაჭერას. თუმცა ამერიკელი პოლიტოლოგი დასძენს, რომ ევროპის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 2008 წლის ომის შემდეგ გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG