ლიბიის დედაქალაქში სამთავრობო შენობები ცეცხლშია გახვეული. ქუჩებში გრძელდება შეტაკებები ოპოზიციის აქტივისტებსა უშიშროების ძალებს შორის. შეტაკებებში მთავრობის მომხრეებიც მონაწილეობენ. ოპოზიცია ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის გადადგომას ითხოვს. თვითმხილველთა თქმით, დღეს შეტაკებების შედეგად ტრიპოლიში რამდენიმე სამთავრობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახელმწიფო ტელევიზით განცხადება გააკეთა მოამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა. მისი თქმით, მამამისს მხარს უჭერენ სამხედროები და ის ინარჩუნებს ძალაუფლებას. საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლება იბრძოლებს „ბოლო ტყვიამდე.“ მან მოუწოდა ლიბიელებს შეწყვიტონ აჯანყება, როემლიც ლიბიაში კოლონიალურ მმართველობას დააბრუნებს. მისი თქმით, ლიბია არც ეგვიპტეა და არც ტუნისი და დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში „სისხლის მდინარეები დადგება.“ უფლებათადამცველი „ჰუმან რაითს უოჩის“ მიერ კვირას გამოქვეყნებული მონაცემებით ლიბიაში უკვე 223 ადამიანია დაღუპული.
მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერები ლიბიის მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიან მოგვარებას ითხოვენ. დღეს განცხადება გააკეთა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ძალადობა. ევროკავშირის ლიდერებმა ლიბიას დემოკრატიისკენ მოუწოდეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ძალის გამოყენება ანტისახელისუფლებო პროტესტის ჩასახშობად „სრულიად შემაძრწუნებელი და მიუღებელია.“ მან ამის შესახებ ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგ განაცხადა. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება ასევე დაგმო შეერთებულმა შტატებმაც.