ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ლიბიის მიმართ „დაცვის პასუხისმგებლობის“ დოქტრინა გამოიყენა


გაერომ ლიბიის მიმართ „დაცვის პასუხისმგებლობის“ დოქტრინა გამოიყენა

ლიბიაში მძვინვარე კონფლიქტმა გაეროს წინაშე „დაცვის პასუხისმგებლობის“ დოქტრინა წამოაყენა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინგტონიდან იუწყება, რომ გაეროს ხსენებული დოქტრინა შედარებით ახალ კონცეფციას წარმოადგენს.

ადვოკატმა ჯარედ გენსერმა გაეროს „დაცვის პასუხისმგებლობის“ პრინციპზე წიგნი დაწერა.

„ეს დოქტრინა გაეროს ეგიდით გამართულმა მსოფლიო სამიტმა 2005 წელს მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი ძალადობისგან, რაც თავის მხრივ გენოციდს, სამხედრო დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშულებსა და ეთნიკურ წმენდას შეიცავს,“ აღნიშნა გენსერმა.

15 თებერვალს ლიბიაში პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მთავრობის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლები დაიწყო. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს კადაფიმ მასიური სამხედრო ძალით უპასუხა. კერძოდ კადაფიმ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ საჰაერო ძალები გამოიყენა.

თერთმეტი დღის შემდეგ, რაც გენსერისა და სხვა ექსპერტების აზრით რეკორდულად მცირე დროს წარმოადგენს, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ „დაცვის პასუხისმგებლობის“ პრინციპი გამოიყენა და კადაფის მთავრობის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო.

„უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ერთხმად მიიღეს, მუამარ კადაფისა და მასთან დაახლოვებული პირების წინააღმდეგ საბანკო და ფინანსური საქნციების შემოღებას ითვალისწინებს. ამას გარდა ლიბიასთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო დაწესდა, რაც კადაფის შეიარაღების შეძენას უდავოდ გაურთულებს. უსაფრთხოების საბჭომ აგრეთვე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ოფიციალური თხოვნით მიმართა რათა სასამართლომ კადაფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით,“ აღნიშნა გენსერმა.

ამერიკელი ადვოკატის თქმით გაეროს უსაფრთხოების საბჭომ „დაცვის პასუხისმგებლობის“ პრინციპი გარკვეული ქვეყნის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა.

ხსენებული რეზოლუციის მიღების შემდეგ პოლკოვნიკ კადაფის არმიამ მეამბოხეებისგან ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეთა ძალების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ თანამშრომლის ფრედ აბრაჰამის აზრით, ლიბიაში სავალალო მდგომარეობა შეიქმნა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მთავრობამ რეპრესიები დაიწყო. ბოლო ორი კვირის მანძილზე ათობით ადამიანი დააპატიმრეს და ბევრი საერთოდ გაუჩინარდა. ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცით. აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ რაც შეეხება პატიმართა წამებას და პოლიტიკურ მკვლელობებს ლიბიის მთავრობა განსაკუთრებულად გამოირჩევა, ამდენად არსებობს სავსებით გამართლებული შიში იმისა, რომ დაკავებული პირების უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება,“ აღნიშნა ფრედ აბარაჰამმა.

ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მართალია „დაცვის პასუხისმგებლობის“ პრინციპზე დაფუძნებული გაეროს რეზოლუცია მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს, აუცილებელია უფრო მკაცრი ზომების მიღება. ჯარედ გენსერი აღნიშნავს, რომ გაერომ ახალი რეზოლუცია უნდა მიიღოს, რომელიც ლიბიაზე ფრენის აკრძალვის ზონას დააწესებს. მაგრამ სხვებს, ფრედ აბრაჰამის ჩათვლით, ეეჭვებათ, რომ ფრენის აკრძალვის ზონა დაწესდება რადგან ჩინეთი და რუსეთი ამგვარი ზომის მიღებას ეწინააღმდეგებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ხსენებული სახწელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნებისმიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადების უფლება აქვთ.

XS
SM
MD
LG