ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესში უნივერსიტეტებში სტუდენტების "მემკვიდრეობით" მიღების აკრძალვას ცდილობენ


ამერიკელმა დემოკრატმა კანონმდებლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ხელახლა გაიტანენ კანონპროექტს, რომელიც ფედერალური სახსრების მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (რაც თითქმის ყველა კოლეჯსა და უნივერსიტეტს მოიცავს), დონორებთან და კურსდამთავრებულებთან კავშირების მქონე აბიტურიენტებისთვის უპირატესობის მინიჭებას აუკრძალავს .

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სამოქალაქო უფლებების შესაძლო დარღვევის გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა კოლეჯში ადგილი რასობრივ დისკრიმინაციას, როცა ასეთ "მემკვიდრეობით“ აბიტურიენტებს, სასწავლებელში მიღების პროცესში უპირატესობას ანიჭებენ.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მსგავსი სასწავლებლები უპირატესობას მეტწილად თეთრ, მდიდარ სტუდენტებს ანიჭებენ და არა ფერადკანიან სტუდენტებს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებიდან.

მსგავს პოლიტიკას აშშ-ის ბევრი კოლეჯი და უნივერსიტეტი იყენებს, მაგრამ უფრო მეტი ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ივნისში უზენაესმა სასამართლომ, ჰარვარდისა და ჩრდილოეთ კაროლინის მაგალითზე, გადაწყვიტა, რომ დისკრიმინაციულია პოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მეტი არათეთრკანიანი სტუდენტის მიღებას უზრუნველყოფდა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული კანონპროექტი, კოლეჯში სტუდენტების სამართლიანი მიღების აქტი, სენატორ ჯეფ მერკლის მიერ 2022 წელს იქნა ინიცირებული, თუმცა სენატის კომიტეტს ვერ გასცდა. მერკლიმ კონფერენციაზე მოუწოდა კანონმდებლებს გადახედონ კანონმდებლობას.

”ჩვენ გვაქვს დისკრიმინაცია ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან გამოსული უფრო კვალიფიციური ბავშვების წინააღმდეგ და ნაკლებად კვალიფიციური, შეძლებული ფენის სასარგებლოდ,” - თქვა მერკლიმ.

ივლისში, ორმა, ვესლეანის უნივერსიტეტმა და მინესოტის უნივერსიტეტის მინეაპოლისის კამპუსმა განაცხადეს, რომ შეწყვეტენ "მემკვიდრეობით" მიღებას. ბოლო წლებში მსგავსი განცხადება აშშ-ის სხვა რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამაც გააკეთა.

XS
SM
MD
LG