ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი ჰარვარდში


თითქმის ოთხსაუკუნოვანი უნივერსიტეტი გამოცდებზე პასუხების მასობრივი გაყალბების ფაქტებს იკვლევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ჰარვარდს აქამდე, შეიძლება ითქვას, შეუბღალავი რეპუტაცია ჰქონდა. მე-17 საუკუნის დასაწყისში დაარსებული შეერთებული შტატების უძველესი უნივერსიტეტი რახანია უმაღლესი განათლების უმაღლეს სტანდარტს ამაყად იცავს. ამერიკის პერიფერიებში სახელგანთქმულ, მაღალი აკადემიური დონის მქონე უნივერსიტეტებს, ხშირად რეგიონალურ ჰარვარდს უწოდებენ. ასე მაგალითად, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტს სამხრეთის ჰარვარდს ეძახიან, სტენფორდის უნივერსიტეტს კი - დასავლეთის ჰარვარდს.

ჰარვარდში ჩაბარება ძალიან ძნელია, მაგრამ ვისაც უმართლებს, მათთვის დიპლომი ლამის უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტი ხდება. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, როგორც წესი, სწრაფი დასაქმება და შემდეგ წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვთ.

ჰარვარდის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა. გასული სემესტრის ბოლოს მედიაში უნივერსიტეტის შესახებ ისეთმა ინფორმაციამ გაჟონა, რომელსაც ჰარვარდელები ყველაზე მეტად უფრთხიან და რაც მხოლოდ ნაკლებად პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ხდება. როგორც ირკვევა, „ამერიკის მთავრობის“ კლასში გასული სემესტრის ბოლოს გამოცდაზე მომხდარი პასუხების მასობრივი გაყალბების ფაქტში სულ ცოტა 125 სტუდენტი მონაწილეობდა.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ნომერ პირველ ელიტარულ უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტში რამდენიმე ათეული სპორტსმენი მოხვდა. და ეს მაშინ, როცა ჰარვარდის კალათბურთელთა გუნდი პირველად ისტორიაში ამერიკის უმაღლესი საუნივერსიტეტო ლიგის საუკეთესო 25 გუნდს შორის აღმოჩნდა.

სპორტსმენებისთვის ზედმეტი პრივილეგიების მინიჭება და მათი აკადემიური მოსწრებისთვის ნაკლები ყურადღების დათმობის თემა მედიაში თუ სამეცნიერო წრეებში დისკუსიის საკითხი არაერთხელ გამხდარა. კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმ უსამართლობაზე, რაც შეერთებული შტატების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე ხდება. საუბარია კარგი ათლეტური მონაცემების, მაგრამ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე აბიტურიენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის ორი ვარსკვლავი და კრიმსონის გუნდის თანაკაპიტნები აკადემიურ სემესტრს იღებენ, იუწყება ჰარვარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. „პატიოსნების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი მიღწევა არც ჰარვარდში და არც არსად“ - აცხადებს ჰარვარდის კოლეჯის დეკანი ჯეი ჰარისი მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტები დასტურდება და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად კარგი ნიშნის მიღების სურვილი სწავლის წყურვილზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ის სტუდენტებს მავნე პრაქტიკის დამკვიდრებისკენ უბიძგებს.

ინტერნეტზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამო გამოცდებზე პლაგიატიზმი ისე ადვილდება, როგორც არასდროს. თავად უნივერსიტეტები ხშირად ეთიკას უკანა პლანზე აყენებენ და მთავარ პრიორიტეტად რეიტინგში ზედა საფეხურზე გადანაცვლებას და სპორტულ წარმატებებს ისახავენ. მსგავსი კრიტიკა არაერთხელ გაისმა ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტთან მიმართებაში, მაგრამ არა 1636 წელს დაარსებულ ჰარვარდთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ რეპუტაციას ყველაფერზე მაღლა აყენებს.

ჰარვარდის ყოფილ და ახლანდელ პროფესორებს შორის 44 ნობელის პრემიის ლაურიატია. მის ისტორიულ ბიბლიოთეკაში 17 მილიონი წიგნია დაცული. უნივერსიტეტისთვის გაცემულმა ფულადმა შემოწირულობებმა მხოლოდ ერთ, 2011 წელს 32 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ჰარვარდის სიმბოლოს, წითელი ფერის ფარს წარწერა „Veritas” ამშვენებს, რაც ლათინურად ჭეშმარიტებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG