ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერებმა ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვეს


სერგეი ლავროვი

ბოსნია-ჰერცეგოვინის სამმხრივი პრეზიდიუმის მუსლიმი და ხორვატი წარმომადგენლები, სარაევოში ვიზიტით მყოფ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, უარს აცხადებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო და მას შეფიკ ჯაფეროვიჩი და ჟელკო კომშიჩი უნდა დასწრებოდნენ. ღონისძიება დეიტონის შეთანხმების იუბილესთან დაკავშირებით იგეგმებოდა.

მუსლიმი და ხორვატი ლიდერების წყრომა ლავროვის მიერ წინა დღით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ერთობლივ განცხადებაში ჯაფეროვიჩმა და კომშიჩმა თქვეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ბოსნიის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება.

ორშაბათს, ლავროვი ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის სერბ წევრს, მილორად დოდიკს შეხვდა. ლავროვმა, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას, თქვა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს დეიტონის შეთანხმების არქიტექტურის დაშლას, რასაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ეს განცხადება, ბოსნია-ჰერცეგოვინის სამმხრივი პრეზიდიუმის მუსლიმი და ხორვატი წარმომადგენლების აზრით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლებიც შეთანხმების ცვლილებას ემხრობიან.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა 1995 წლის ნოემბერში. დეიტონის შეთანხმება 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დასრულებას ითვალისწინებდა. მისი სახელი ხელმოწერის ადგილის გეოგრაფიული დასახელებიდან მოდის.

შეთანხმება შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს ქალაქ დეიტონთან მდებარე ამერიკის რაიტ-პატერსონის სამხედრო ბაზაზე შედგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG