ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 მაისის აღნიშვნის გამო ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა


ლატვიაში მოსახლეობის ნაწილმა 9 მაისს საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმა. რიგა, ლატვია. 10 მაისი, 2022 წ.

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ მარია გოლუბევას დღეს პოსტის დატოვება მოუწია. მას რამდენიმე დღეა მმართველი კოალიცია მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიციამ ვერ შეძლო აკრძალული ღონისძიების აღკვეთა. საუბარია 9 მაისს, ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის მიერ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღნიშვნაზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა თვლიან, რომ მოსკოვმა ფაშიზმზე გამარჯვება საბჭოთა კავშირში ამ სამი ქვეყნის იძულებით შესაყვანად გამოიყენა. 31 მარტს, ლატვიის პარლამენტმა საბჭოთა კავშირის პერიოდის ომის მემორიალებთან 200 მეტრამდე მიახლოება აკრძალა, რათა აღეკვეთა 9 მაისის დღესასწაული, რომელსაც ქვეყანაში მცხოვრები, ძირითადად რუსულ ენაზე მოსაუბრე ლატვიელები აღნიშნავენ.

10 მაისს, რიგაში მდებარე მეორე მსოფლიო ომის ობელისკთან ასობით რუსულენოვანი ლატვიელი გამოჩნდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ძალა გამოიყენა, თუმცა ნაწილმა მაინც შეძლო მემორიალამდე მისვლა და მისი ყვავილებით შემკობა. ძირითადად მშვიდობიანი აქცია დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა.

ლატვიაში ასევე აკრძალულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოები, მაგალითად ასო "Z", რომელსაც მემორიალთან შეკრებილების ნაწილი ატარებდა. აქციაზე პოლიციის მისვლამდე, იქვე დაყენებული მანქანებიდან რუსული სამხედრო სიმღერები ისმოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლატვიური მედია-საშუალება "დელფი" ავრცელებს.

პოსტის დატოვებამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია გოლუბევამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა აღარ აქვს. ცოტა ხნით ადრე პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორიალთან გამართული შეკრება ლატვიის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას და რუსეთის მიერ უკრაინაში მოკლული ადამიანების შეურაცხყოფას წარმოადგენდა. მმართველი კოალიციის ნაწილი კი იმუქრებოდა, რომ საბჭოთა მემორიალთან მოსახლეობის შეკრების გამო, კოალიციას დატოვებდა.

ლატვიაში 1.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, 24.5% ეთნიკური რუსია. დედაქალაქ რიგაში მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტია, 36%. რიგის საქალაქო საბჭომ პარასკევს ობელისკის დემონტაჟს მისცა ხმა. ამ გადაწყვეტილებას ლატვიის პარლამენტი და პრემიერ-მინისტრი მაშინვე მიესალმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG