ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები ერაყისა და ქურთისტანის მთავრობას ბავშვების წამებაში ადანაშაულებენ


"ჰუმან რაითს უოჩის" ახალი ანგარიშის თანახმად ერაყელმა და ქურთმა ოფიციალურმა პირებმა საშუალოდ 14 წლის ასაკის ასობით ბავშვი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში დაუსაბუთებლად იყვნენ ეჭვმიტანილნი, დააპატიმრეს და აწამეს.

"ბავშვებს, რომლებსაც ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში სდებენ ბრალს, აკავებენ და ხშირად მათ აწამებენ და ასამართლებენ, მიუხედავად ტერორისტულ დაჯგუფებასთან მათი უშუალო ჩართულობა-კონტაქტის ინტენსივობისა", - ამბობს ჯო ბეკერი, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი. "ეს მასშტაბური სადამსჯელო მიდგომა არ არის მართლმსაჯულების ნაწილი და ბევრ ამ ბავშვზე უარყოფითი გავლენა და შედეგები ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში".

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის დასასრულისთვის, ერაყისა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობებს დაკავებული ჰყავდა 1 500-მდე ბავშვი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან სავარაუდო თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

ჯერ კიდევ ნოემბერში, ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ 30-მდე ყოფილ პატიმარ ბავშვს და იმ თინეიჯერ ბიჭებს, რომლებიც იმავე ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

ერთ-ერთმა მათგანმა ანგარიშის ავტორებს უთხრა, რომ ის მოსულში, იმ რესტორანში მუშაობდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ისლამისტ ექსტრემისტებს ემსახურებოდა. მისი სახელი კი, როგორც ჩანს იმ სიაში აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც, მათ ხელფასს უხდიდნენ. ზოგიერთი სხვა არასრულწლოვანი კი უფლებადამცველებს ეუბნებოდა, რომ ისინი სხვადასხვა სამუშაოზე თანხმდებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს ფინანსურად დახმარებოდნენ, იქნებოდა ეს მზარეულობა, ავტომობილების მართვა თუ სხვა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ დაკავებისას მათ სცემდნენ, იყენებდნენ ელექტროშოკებს და იყენებდნენ სხვა მეთოდებს იმისთვის, რომ მათგან აღიარება მოეპოვებინათ. ამავე დროს, მათ უარესი დასჯით ემუქრებოდნენ, თუკი ამის შესახებ მოსამართლეებს მოუყვებოდნენ. ბევრი ბავშვის თქმით, მათ უარს ეუბნებოდნენ ადვოკატის ყოლის უფლებაზეც და მათი სასამართლო პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ის საპატიმრო და დაკავების დაწესებულებები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჭუჭყიანი იყო და გადატვირთული იყო პატიმრებით, რომელთა შორის ზრდასრული მამაკაცებიც იყვნენ. ამავე ანგარიშში აღნიშნულია ზოგიერთი დაწესებულების შესახებ, რომლებშიც უკეთესი პირობებია, ბავშვები განცალკევებულნი არიან ზრდასრულებისგან და ნორმალურად იკვებებიან, მაგრამ ისინი მაინც მოკლებულნი არიან საკნისგან თავისუფალ დროსა და განათლების შესაძლებლობებს.

"ჰუმან რაითს უოჩის" წარმომადგენლები "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ ეს საკითხები ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დადგა ყურადღების ცენტრში და არც ეს ბრალდებებია ახალი. მათი თქმით, ქურთისტანის რეგიონულმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შექმნიდა კომისიას, რომელიც ბავშვთა დაპატიმრებისა და წამების საკითხებს გამოიკვლევდა, მაგრამ ეს პირობა არ შეუსრულებია.

"ერაყისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების სასტიკი მოპყრობა ბავშვებისადმი ბრმა შურისძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულებას. ბავშვები, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტში არიან ჩართულნი, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სერვისებს უნდა იღებდნენ და არა წამებასა და ციხეს", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჯო ბეკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG