ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბაიდენს დამოუკიდებლობის დღეს "არამეგობრული პოლიტიკის" გამო არ მიულოცავს


“წელს ამერიკისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა რთულად შეიძლება შესაფერისად მივიჩნიოთ. ამის მიზეზი ამერიკის არამეგობრული პოლიტიკაა“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წელს ამერიკელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს.

ამავე დროს უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება. უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ახალ ხაზებს ამაგრებენ და ომის ახალი ფაზისთვის ემზადებიან. ვლადიმირ პუტინმა ლუჰანსკის ოლქისთვის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულად გამოაცხადა. რუსეთის თქმით სევეროდონეცკის შემდეგ, ლისიჩნსკის აღება ნიშნავს, რომ ლუჰანსკი „გათავისუფლებულია".

უკრაინული მხარის განცხადებით, ლისიჩანსკიდან ძალების გაყვანის გადაწყვეტილება ცენტრალურმა სარდლობამ მიიღო. „სამხედრო თვალსაზრისით, პოზიციების დატოვება ცუდია, მაგრამ კრიტიკული არაფერია. ჩვენ ომის მოგება გვჭირდება და არა ბრძოლის. ეს ძალიან მტკივენულია, მაგრამ ომის წაგებას არ ნიშნავს“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან" საუბრისას ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი, სერჰი ჰაიდაი.

კვირას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებზე კონტროლს, დასავლური იარაღის საშუალებით აღიდგენს.

ლისიჩანსკი დატოვებით ევროპის ტერიტორიაზე თაობების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა დასრულდა. ქალაქის ხელში ჩაგდებას, სევეროდონეცკთან ერთად, კრემლი ბოლო ორი თვის განმავლობაში ცდილობდა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად გაამრთული სატელევიზიო შეხვედრისას პუტინმა რუს სამხედროებს "ლუჰანსკის მიმართულებით მიღწეული გამარჯვებები" მიულოცა. მისი თქმით, საბრძოლო შენაერთების ნაწილმა ახლა უნდა დაისვენოს და საომარი მზაობა აღიდგინოს, დანარჩენებმა კი სხვა მიმართულებით განაგრძონ ბრძოლა.

ქალაქ მარიუპოლის აღების შემდეგ, ლუჰანსკის რეგიონის სრულად დაკავება, რუსეთისთვის 24 თებერვალს წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომში, ყველაზე დიდი მიღწევაა. აღმოსავლეთში ბრძოლაში ორივე მხარეს ათასობით სამხედროა მოკლული და დაჭრილი.

XS
SM
MD
LG