ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაყალპაკეთში დემონსტრაციებზე სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა


უზბეკეთის გენერალურმა პროკურატურამ 4 ივლისს განაცხადა, რომ 18 ადამიანი დაიღუპა ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემონსტრაციების დროს. დემონსტრაციები გასულ კვირას დაიწყო და უზბეკეთის ხელისუფლების მიერ, რეგიონის ავტონომიის შემცირების გეგმას მოჰყვა. ქვეყანაში, სადაც ბევრი შეფასებით, როგორც ადამიანის უფლებები, ისე ინფორმაციაზე წვდომა მკაცრად იზღუდება, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად დადგენა რთულია.

გასულ კვირას მომიტინგეების დაშლისას, უსაფრთხოების ძალებმა 516 ადამიანი დააკავა. თუმცა ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა თქვა, რომ ბევრი მათგანი გაათავისუფლეს.

რეგიონის დედაქალაქ ნუკუსსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს, პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. მათ შორის, ჩანაწერის ამოღების წინადადებით, რომლითაც ყარაყალპაკეთს ეძლეოდა უფლება გამოეყოს უზბეკეთს, თუ ამას მოსახლეობა რეფერენდუმით გადაწყვეტს. მაგრამ, 2 ივლისს ყარაყალპაკეთში ვიზიტის დროს, მირზიოევმა უკან დაიხია და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი, კონსტიტუციაში დარჩება.

დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში
დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში

3 ივლისს მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მირზიოევმა აღიარა, რომ რეგიონში იშვიათი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და რომ არეულობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რეგიონიდან რთულია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი შეზღუდულია და საგანგებო მდგომარეობა გადაადგილებასაც ზღუდავს.

ონლაინ განცხადებაში მირზიოევმა თქვა, რომ მომიტინგეებმა რეგიონის მთავარ ქალაქ ნუკუსში "დესტრუქციულ ქმედებებს" მიმართეს, ისროდნენ ქვებს, აჩენდნენ ხანძრებს და თავს ესხმოდნენ სამართალდამცავებს.

4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირმა, ყარაყალპაკეთში მომხდარის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში, 1 ივლისი, 2022
დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში, 1 ივლისი, 2022

„ღრმად ვწუხვართ მსხვერპლისა და ადამიანთა დაღუპვის გამო და ვაგრძელებთ მოვლენებისთვის ყურადღებით თვალის დევნებას“, - ნათქვამია განცხადებაში. გაერთიანება მოუწოდებს „ყველა მხარეს“, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია ან შემდგომი ძალადობა.

„ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, უზბეკეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - დასძინა გაერთიანებამ.

ყარაყალპაკები ცენტრალურ აზიაში თურქულენოვანი ხალხია. რეგიონი, საბჭოთა კავშირის პირობებში, 1936 წელს შევიდა უზბეკეთის შემადგენლობაში როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. უზბეკეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია ყარაყალპაკეთს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ უზბეკეთის ტერიტორიას იკავებს, ცნობს როგორც სუვერენულს უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს უფლება გამოეყოს ქვეყანას, რეფერენდუმის გზით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG