ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის დელეგაცია ფხენიანში


რა მდგომარეობაა ამჟამად კორეის ნახევარკუნძულზე და რამდენად სანდოა პოზიტიური ნოტები ჩრდილოეთ კორეის აგრესიულ რიტორიკაში?

ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში იაპონიიდან ჩასულ დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, კიმ ჩოი ჰო დახვდა. იაპონურ მისიას სათავეში ისაო ლიჯიმა, პრემიერ-მინისტრ -შინზო აბეს- მრჩეველი უდგას სათავეში. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ჟურნალისტებისთვის უცნობია, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება შესაძლოა ჩრდილოეთ კორეელი აგენტების მიერ მოტაცებულ იაპონიის მოქალაქეთა ბედს შეეხებოდეს.

ისაო ლიჯიმა წლების მანძილზე იაპონიის ექსპრემიერის საგანგებო თანაშემწედაც მსახურებდა. წარსულში მან არაერთხელ უხელმძღვანელა ფხენიანში გამართულ მოლაპარაკებებს იაპონიას და ჩრდილოეთ კორეას შორის. ისაო ლიჯიმას ახალი მისიის შესახებ ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, ექსპერტებმაც კი.

როდესაც „ამერიკის ხმამ“ ვიზიტის შესაძლო მიზნის შესახებ კითხვით გლინ დევისს, ამერიკაში ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაზე ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ დიპლომატს მიმართა, მან განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„არაფერი მსმენია. ამის შესახებ ჩემს კოლეგებთან, იაპონიის წარმომადგენლებთან აუცილებლად ვისაუბრებ. მათ სულ რამდენიმე დღეში შევხვდები“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მან კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობაზე და კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო რადიუსის რაკეტების საბრძოლო მზადყოფნიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრა.

გლინ დევისის თქმით, ის, რომ გასროლა არ მოხდა და რაკეტები საბრძოლო მზადყოფნიდან მოიხსნა, თავისთავად პოზიტიური ფაქტია. თუმცა, ამერიკელი დიპლომატი იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების საბოლოო მიზანი ეს არ გახლავთ და ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების გზას საბოლოოდ არ დაადგება, პრობლემა გადაწყვეტილად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ფხენიანმა ბოლო თვეების მანძილზე არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ბირთვული პროგრამის და ბალისტიკური რაკეტების განვითარებას გააგრძელებს. მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა შეერთებული შტატების მისამართით გამოთქმული ბირთვული იერიშის მუქარის შემდეგ.

დღეისათვის ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კორეის უაღრესად აგრესიულ რიტორიკაში შედარებით სიმშვიდეს აფიქსირებენ. ამის მიუხედავად, სამხრეთ კორეელი გადამდგარი გენერალი, ჰან მინ-კო, დარწმუნებულია იმაში, რომ პროვოკაციები ჩრდილოეთიდან აუცილებლად გაგრძელდება.

თადარიგის 4-ვარსკვლავიანი გენერალი სიტყვით აზიის საზოგადოების სხდომაზე გამოვიდა. მისი აზრით, ფხენიანს საგარეო პოლიტიკაში შურისძიების გარდა სხვა ახალი პრიორიტეტი ჯერჯერობით არ დაუსახავს და ამ ღირებულების დაცვას მაქსიმალურად შეეცდება.

ამას გარდა, გენერალ მინ-კოს თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას ყოველთვის უგულვებელყოფდა. ასე რომ, ჩრდილოეთ კორეისგან მსოფლიო აგრესიას უნდა ელოდოს. „სრულმასშტაბიანი შეტევით, ან იაფფასიანი პროვოკაციებით ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე დესტაბილიზიის შეტანას შეეცდება“ - აცხადებს სამხრეთ კორეელი ექსპერტი და დასძენს, რომ როდესაც ეს მოხდება, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ჩრდილოეთს „დროულ და ადეკვატურ პასუხს გასცემენ“.
XS
SM
MD
LG