ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ირანთან პირველ შეთანხმებას წარმატებულს უწოდებს


გასულ კვირას მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ირანი პასუხისმგებელია მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი გაანადგუროს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ბირთვულ საკითხზე შეთანხმება ირანთან, თეირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების პროცესს შეაჩერებს და ასევ საბოლოო შეთანხმებისთვის საფუძველს შექმნის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორც ცდილობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სკეპტიკოსების დარწმუნებას იმაში, რომ წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება ამერიკისთვისაც და მისი მოკავშირეებისთვისაც სასარგებლო და მნიშვნელოვანია.

კვირას, პირდაპირ ეთერში, ერთ-ერთ ამერიკულ რადიო გადაცემაში მონაწილეობის დროს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ირანთან შეთანხმება დაახასიათა, როგორც ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. „სი-ბი-ესის“ გადაცემაში „ერის წინაშე“ სახელმწიფო მდივანმა ის შეზღუდვები დეტალურად ჩამოთვალა, რასაც თეირანი დათანხმდა.

ჯონ კერი: ისინი გაანადგურებენ მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა ბომბის საწარმოებლად. ამ შემადგენლობის ურანის განადგურების შემდეგ, მათ მხოლოდ დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანი დარჩებათ. ამ შეთანხმების საფუძველზე, მათ უკვე აღარ ექნებათ ურანის გასამდიდრებელი დამატებითი ნაგებობების აშენების უფლება. ჩვენ გვექნება შეზღუდვები ცენტრიფუგებზე, რომლენსაც ურანის გასამდიდრებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე მკაცრი მეთვალყურეობის დაწესების საკითხსაც.

ჯონ კერი: ეს ნდობაზე არ არის დაფუძნებული. ეს შემოწმებას ეფუძნება. ეს ემყარება შესაძლებლობას, რომ შევამოწმოთ, როგორ მიდის პროცესი. ანუ არ არის საჭიროება ენდო მათ, ვისთანაც შეთანხმებას აფორმებ. უნდა შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რათა გავარკვიოთ რას ვიღებთ შეთანხმებიდან და ვიცოდეთ ზუსტად თუ რას აკეთებენ მის შესასრულებლად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „ეი-ბი-სის“ გადაცემაში „ამ კვირას“მონაწილეობის დროს რესპუბლიკელმა სენატორმა საქსბი ჩემბლისმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მიზანს არ პასუხობს.

საქსი ჩემბლისი: ის რაც კერიმ განაცხადა, არ დაგვიცავს იმისგან, რომ ირანმა ბირთვული იარაღი აღარ შექმნას.

სენატორმა ასევე წინააღმდეგობა გამოხატა ირანის მიმართ ნებისმიერი ეკონომიკური სანქციების შესუსტების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

საქსი ჩემბლისი: ახლა, როცა სანქციები კარგად მუშაობს, მათი გამარტივების დრო არ არის.

შაბათს, გვიან ღამით პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სანქციების შემსუბუქების საკითხი შეაფასა, როგორც „ზომიერი“ ნაბიჯი, თუმცა ეს გადაწყვეტილება გაუქმდება, თუკი თეირანი ვალდებულებს არ შეასრულებს. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება გაცილებით უკეთესი გამოსავალია, ვიდრე ირანისთვის ბირთვული საქმიანობის გაგრძელების შეუზღუდავი საშუალების მიცემა იქნებოდა.
XS
SM
MD
LG