ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკს პირველი ქალი გუბერნატორი ეყოლება


დაახლოებით ორ კვირაში ძალაში შევა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, მის პოსტს გუბერნატორის მოადგილე ქეთი ჰოქული დაიკავებს. 233-წლიან ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა შტატს ქალი გუბერნატორი უხელმძღვანელებს.

20.5 მილიონი ადამიანით, ნიუ-იორკი ამერიკის შტატებს შორის რიგით მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი შტატია კალიფორნიის, ტეხასის და ფლორიდის შემდეგ.

რა არის ცნობილი ნიუ-იორკის ახალი დემოკრატი გუბერნატორის შესახებ?

  • ჰოქული პოსტს კუომოს ნაცვლად მხოლოდ 2022 წლის დეკემბრამდე დაიკავებს, როცა ოფისში კუომო-ჰოქულის არჩევის მესამე ვადა ამოიწურება.
  • ის 62 წლისაა და გუბერნატორის მოადგილეობამდე, შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო
  • ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ჰოქული 2015 წლიდან, მე-6 წელია მსახურებს.
  • მას პოსტი კუომომ 2014 წელს შესთავაზა, როცა მაშინდელმა მოადგილემ რობერტ დაფიმ გამოაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ სურს. კუომო-ჰოქულმა არჩევნები ჯერ 2014 წელს, შემდეგ კი 2018 წელს მოიგეს.
  • ნიუ-იორკის გუბერნატორის მოადგილე ამჟამად 10 ეკონომიკური განვითარების საბჭოს თავმჯდომარეობს, რომელთა ინვესტიციები მთელი შტატის მასშტაბით ხორციელდება. ის ასევე არის ჰეროინზე და ოპიოიდებზე დამოკიდებულებასთან მებრძოლი საგანგებო დანიშნულების ჯგუფის თანათავმჯდომარე და შტატში კოლეჯების კემპუსებზე სექსუალურ ძალადობასთან მებრძოლი კამპანიის ხელმძღვანელი.
ქეთი ჰოქული სიტყვით გამოდის კორნელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კემპუსზე
ქეთი ჰოქული სიტყვით გამოდის კორნელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კემპუსზე
  • ჰოქული 1958 წელს ნიუ-იორკის შტატში, ქ. ბუფალოში დაიბადა, მშრომელთა კლასის წარმომადგენელთა ტიპიურ ოჯახში. 6 შვილს შორის მეორე იყო. მისი მეუღლეა იურისტი უილიამ ჰოქული, რომელიც 2010-2016 წლებში შტატის ერთ-ერთი უბნის გენერალური პროკურორი იყო. მათ 2 შვილი ჰყავთ.
  • ნიუ-იორკის მომავალი გუბერნატორი პროფესიით იურისტია. მან 1980-ში დაამთავრა სერაკუზის უნივერსიტეტი და 1984 წელს - ვაშინგტონის კათოლიკური უნივერსიტეტი.
  • იურიდიული კარიერა ჰოქულმა ვაშინგტონის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დაიწყო. პოლიტიკური კარიერა კი ნიუ-იორკის კონგრესმენ ჯონ ლაფოლსთან და შემდეგ სენატორ დენიელ მოინიჰანთან თანაშემწედ მუშაობის დროს გააგრძელა.
  • მის საკანონმდებლო წარმატებად ითვლება ჰოქულის დახმარებით შემუშავებული ორი რეფორმა: პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების და საემიგრაციო რეფორმების მიმართულებით.
  • 14 წელი იყო ჰამბურგის საქალაქო საბჭოს წევრი, შემდეგ კი 2011 წელს მოიგო კონგრესის არჩევნები ნიუ-იორკის საკონგრესო უბანზე, სადაც დემოკრატი 40 წლის მანძილზე არ აურჩევიათ.
  • ჰოქული დემოკრატია, მაგრამ თავს "დამოუკიდებელ" დემოკრატს უწოდებს, რადგან ხშირად წარმატებით თანამშრომლობს რესპუბლიკელებთან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG