ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის გუბერნატორი კუომო ორი გამოძიების ფოკუსში


ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის სამგზის გუბერნატორი გასულ წელს ბევრისთვის სამაგალითო ლიდერად მიიჩნეოდა იმის მიხედვით, თუ როგორ მართა მან პანდემია - მათ შორის იყო ყოველდღიური ანგარიშვალდებულება მოქალაქეებს და არაარსებითი ბიზნესების ადრეულ ეტაპზე დახურვა. ზაფხულში კუომომ მოქალაქეებს უთხრა, რომ შტატმა ყველაზე უარესი პერიოდი უკან მოიტოვა.

თუმცა ახლა, 63 წლის გუბერნატორს ორ ახალ კრიზისთან სჭირდება გამკლავება. მას ბრალს სდებენ ნიუ-იორკის შტატში ხანდაზმულებზე ზრუნვის დაწესებულებაში ვირუსის გავრცელებაზე არასაკმარის და არადროულ რეაგირებაში. ასევე, მისი ორი ქალი თანამშრომელი მას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.


მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის შტატის მასშტაბით იმ დაწესებულებებში, სადაც პაციენტებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზრუნავენ, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას სპეციალურად, მნიშვნელოვნად ამცირებდა და ისე წარუდგენდა საზოგადოებას. ეს რიცხვი აქამდე ცნობილი მონაცემებით, 8 500 იყო, თუმცა როგორც ირკვევა, სინამდვილეში, 15 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კუომოს თანაშემწეები ამბობენ, რომ ოფიციალური პირები შიშობდნენ, იუსტიციის დეპარტამენტი, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ, გამოძიებას დემოკრატი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოიყენებდა. თუმცა ახლა იუსტიციის დეპარტამენტი მართლაც იძიებს ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კუომოს მოკავშირე და თანაპარტიელი, დემოკრატი ჯო ბაიდენია.

მეორე ბრალდება კი კუომოს ადმინისტრაციაში დასაქმებულ ორ ქალ თანამშრომელს ეხება და გუბერნატორს მიუღებელი კომენტარების გაკეთებაში სდებენ ბრალს.

ერთ-ერთი თანამშრომელი, ლინდსი ბოილანია, შტატის ადმინისტრაციის ეკონომიკური განვითარების მიმართულების თანამშრომელი. ბიულანი ამბობს, რომ კუომომ რამდენჯერმე, 2016 და 2018 წლებში მას, მისი თანხმობის გარეშე აკოცა. კუომო ბრალდებებს უარყოფს.

მეორე თანამშრომელი, შარლოტ ბენეტი, გუბერნატორის 25 წლის ყოფილი თანაშემწეა, რომელიც მას გასულ წელს მის შევიწროვებაში სდებს ბრალს. "ნიუ-იორკ თაიმსს" ბენეტმა უთხრა, რომ გუბერნატორი მას სექსუალური ცხოვრების შესახებ უსვამდა კითხვებს, მათ შორის ჰყოლია თუ არა მასზე უფროსი სექსუალური პარტნიორი.

"თავი საშინლად არაკომფორტულად და შეშინებულად ვიგრძენი. არ ვიცოდი ეს როგორ უნდა დამესრულებინა, ამიტომ სამსახური დავტოვე", - ამბობს ბენეტი. მან სამსახური გასული წლის ნოემბერში დატოვა.

ამ ბრალდებებზე კომენტარი თეთრი სახლის პრესსპიკერმაც გააკეთა და დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ "პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ ყველა ქალს, ვინც ამ თემაზე საუბრობს პატივისცემითა და ღირსეულად უნდა მოექცნენ", იქნება ეს შარლოტი თუ ლინდსი.

გუბერნატორმა კუომომ კვირას აღიარა, რომ მან შესაძლოა შეუფერებელი კომენტარები გააკეთა შარლოტ ბენეტის მიმართ და ფიქრობს, რომ შესაძლებელია ეს კომენტარები "არასწორი ინტერპრეტაციით არასასურველ ფლირტად აღქმულიყო". კუომომ ასევე თქვა, რომ ეს კომენტარები ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში იყო გაკეთებული და ის თანამშრომლებს პირადი ცხოვრებისა თუ ურთიერთობების შესახებ ეხუმრებოდა ხოლმე და წუხს, თუკი ამით ვინმე შეურაცხყო. გუბერნატორი ამბობს, რომ ის შტატის გენერალურ პროკურორს მისცემს საშუალებას დანიშნოს სასურველი გამომძიებლები ამ შევიწროვების საქმეებთან დაკავშირებით და ასევე მისცემს ამ პირს მოწმეების დაკითხვის უფლებასაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG