ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა


ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

იმპიჩმენტის გამოძიებას, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, კუომომ "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა და დაამატა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან არ სურს, რომ ხელი შეუშალოს ნიუ-იორკს.

"მე ნიუ-იორკელი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი. მე მებრძოლი ვარ და ჩემი ინსტინქტი მეუბნება, რომ ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მჯერა, რომ ეს არაა სამართლიანი და მართალი და იმ ქცევის დემონიზებას ახდენს, რომელიც საზოგადოებისთვის არამდგრადია",- თქვა კუომომ განცხადებაში.

გასულ კვირას, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ "სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი". გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმე ქალის მიერ კუომოს საჯაროდ მხილება სექსუალურ შევიწროვებაში. მომჩივნების რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა.

თავად გუბერნატორი უარყოფს ბრალდებებს. თუმცა, დღევანდელ გამოსვლაში მან ბოდიში მოუხადა იმ ქალებს, რომლებიც მისგან, "ნამდვილად შეურაცხყოფილები" დარჩნენ. "ჩემს გონებაში, ზღვარი არასდროს არავისთან გადამილახავს" - თქვა კუომომ. "თუმცა, ის ვერ განვსაზღვრე, თუ რა დონემდე გადაიწია ამ ზღვარმა".

63 წლის კუომოს დღევანდელ ნაბიჯს და ბოლო დროინდელ მოვლენებს "ნიუ-იორკ თაიმსმა" უწოდა "დრამატული დაცემა". გაზეთი იგონებს ერთი წლის წინ, ნიუ-იორკის შტატის ლიდერის ქება-დიდებას, როცა ის პანდემიის მართვის გამო ცაში აჰყავდათ და ეროვნული გმირივით ხოტბას ასხამდნენ.

გამოძიების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და სხვა პოლიტიკოსებმა, მოუწოდეს კუომოს გადამდგარიყო.

გუბერნატორ კუომოს განცხადება გადადგომის თაობაზე ძალაში 14 დღეში შევა. მის ადგილს 62 წლის ქეთი ჰოქული დაიკავებს. ის ნიუ-იორკის პირველი ქალი გუბერნატორი იქნება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG