ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაის კორუფციაში სდებენ ბრალს


კარზაის კორუფციაში სდებენ ბრალს
კარზაის კორუფციაში სდებენ ბრალს

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანის მიერ ავღანეთის ხელისუფლებისთვის ფულადი დახმარების გაწევა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობის კორუმპირებულ რეპუტაციაზე მეტყველებს

გასულ კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საჯაროდ აღიარა, რომ იგი ირანიდან რეგულარულად ფულს ღებულობს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედით ბიუელი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან იუწყება, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხსენებული განცხადება ავღანეთის მთავრობის კორუმპირებულ რეპუტაციაზე მეტყველებს.

ავღანეთში სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინტენსიური დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა რეგულარულად ირანიდან ფულს ღებულობს, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა მის მთავრობასა და ნატოს ალიანსს შორის.

ქაბულში გამართული პრეს კონფერენციის დროს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ თეირანი ფულს იძლევა იმის გამო, რომ ირანელებს ავღანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.

„სხვადასხვა მეგობრულად განწყობილი ქვეყნები გვაწვდიან სახსრებს პრეზიდენტის ოფისის დასახმარებლად, რათა ჩვენ მიღებული დახმარება თანამშრომლებს შორის გავანაწილოთ. ყოველივე ეს გამჭვირვალედ ხდება,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამ კომენტარებით გამოვიდა მას შემდეგ რაც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანიდან მიღებული სახსრები ავღან კანონმდებლებს, ტომთა უხუცესებსა და თალიბ საველე მეთაურებს შორის მათი მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით ნაწილდება.

ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ამერიკის ხმის სპარსულ საინფორმაციო სამსახურს მოახსენა, რომ მართალია ირანი კარზაის მთავრობას ფულს უგზავნის, იმავდროულად თეირანი თალიბ მეამბოხეებს იარაღით, ტრეინინგითა და სახსრებით უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით გენერალმა პეტრეუსმა კერძოდ აღნიშნა:

„ერთის მხრივ ირანი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას აფინანსებს, ხოლო მეორეს მხრივ თეირანი ამ მთავრობის უსაფრთხოებას ძირს უთხრის რადგან ირანი იმ ელემენტებს უწევს დახმარებას, რომლებიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ბევრ პრობლემებს ქმნიან.“

ირანიდან ქაბულში ფულით სავსე ტომრები ავღანეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსს უმარ დაუდზაის გადააქვს.

დაუდზაი ირანში ავღანეთის ყოფილი ელჩია, რომელიც გავრცელებული ცნობების თანახმად ბატონ კარზაის გამუდმებით ანტი-დასავლურ გზავნილებს აწვდის.

ამერიკული გაზეთის „იუ-ეს-ეი თუდეის“ ყოფილი ჟურნალისტი სიუზან ბენეტი, რომელიც ამერიკის ხმაში ამჟამად ერთ-ერთ საინფორმაციო პროგრამას უძღვება, აღნიშნავს, რომ დაუდზაი ცნობილია იმით, რომ მას ფუფუნება უყვარს.

„პრეზიდენტის აპარატის უფროსი საზღვარგარეთ ბევრ სახლს ფლობს. გავრცელებული ცნობების მიხედვით იგი ირანიდან მიღებული სახსრებიდან გარკვეულ წილს იღებს, მაგრამ იქ ამას ფულის ირგვლივ სიარულს უწოდებენ და თვით კარზაი, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას არც აპირებს,“ აღნიშნა სიუზან ბენეტმა.

ბატონ დაუდზაისთვის მიცემული სახსრები მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად პრეზიდენტ კარზაის ალიანსისა შეერთებულ შტატებთან და ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, ირანის მთავრობის გავლენამ კარზაის შიდა წრეში შეაღწია. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც 2001 წელს თალიბთა ხელისუფლება დაემხო ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კარზაის მთავრობას ეკონომიკური დახმარებისა და სამხედრო ძალების სახით მილიარდობით დოლარი გამოუყვეს.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტი და ანალიტიკოსი ოლივერ ნოქსი აღნიშნავს, რომ მართალია არავისთვის არ არის გასაკვირი ის, რომ ირანს მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენა სურს, ბატონ კარზაისთვის ფულით სავსე ტომრების გადაცემა საფრანგეთის მოსახლეობაში უარყოფით გრძნობებს გამოიწვევს. მისი თქმით:

„აქ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თვით ამ საკითხის აღქმა. ვფიქრობ ეს საკითხი უფრო პრობლემატურია კარზაისთვის ქვეყნის შიგნით. მისი მთავრობა ისედაც უაღრესად კორუმპირებული მთავრობის რეპუტაციით სარგებლობს. ცხადია, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში ირანის გავლენის შეზღუდვა სურს და ამ კონტექსტში ეს საკითხი მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.“

გენერალმა პეტრეუსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეირანი თალიბ მეამბოხეებს ფინანსურად ეხმარება, ირანს სურს, რომ ავღანეთის მთავრობამ ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს და ავღანეთის უსაფრთხოებას თვითონ ჩაუდგეს სათავეში.

პეტრეუსმა აგრეთვე განაცხადა, რომ არც ირანს და არც შეერთებულ შტატებს არ სურთ, რომ ავღანეთი თალიბების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, როგორც ეს 2001 წლამდე იყო, როცა ქვეყანა ალ ყაიდას და მსგავსი ექსრემისტული დაჯგუფებების სათარეშო იყო.

„ჩემი აზრით, ირანს ავღანეთის მიმართ ყოველთვის წინააღმდეგობრივი მიდგომა ამოძრავებდა. ერთის მხრივ მათ ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნება ნამდვილად არ სურთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თალიბთა მოძრაობა სუნიტი მუსლიმების ულტრა-კონსერვატიული ექსტრემისტული მოძრაობაა. ხოლო ირანი, როგორც მოგეხსენებათ, შიიტების ქვეყანაა და ამდენად მას თალიბთა დაბრუნება არ სურს,“ დასძინა გენერალმა პეტრეუსმა.

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ თეირანი ავღანეთის მთავრობას ფულს უგზავნის. თეირანის განცხადებით ფინანსური დახმარება ავღანეთში აღდგენითი სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.

გენერალ პეტრეუსის თქმით, ირანის დახმარება თალიბი მეამბოხეებისთვის ავღანეთში თეირანისა და ვაშინგტონის საერთო ინტერესებს აქარწყლებს. ხსენებულ საერთო ინტერესებში შედის ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების აღმოფხვრა რადგან ირანში ეს პრობლემა ნარკომანიის გავრცელებას ხელს უწყობს.

XS
SM
MD
LG