ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი თალიბებთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს


Japan Afghanistan

საერთაშორისო დონორებმა ავღანეთის აღორძინების მიზნით 16 მილიარდი დოლარი გამოყვეს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბებთან მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონორებმა ავღანეთის აღორძინების მიზნით 16 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობის მთავარი მიზანია თალიბანთან სამშვიდობო პროცესის განახლება ქვეყნის სტაბილიზაციის მიზნით, რაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მიღწეული წარმატების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ჰამიდ კარზაის განცხადებით: “თალიბანს და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობდნენ, ახლა ყველა გზა გახსნილი აქვთ, რათა მონაწილეობა მიიღონ ავღანეთში მშვიდობისა და თავისუფლების დამყარებაში, ისარგებლონ კანონის უზენაესობით და უარი თქვან ძალადობაზე.“

ავღანეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თალიბებთან დიალოგი აუცილებელია კონფლიქტის მოგვარებისთვის. მისი თქმით, სულ მალე მოლაპარაკებას ხელს ვეღარ შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარების ყოფნა.

ბატონი კარზაის განცხადებით: ’’მართალია ქვეყანაში ინტერნაციონალური ძალები არიან განლაგებულნი, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება პირველ რიგში ავღანელებს შორის უნდა შედგეს. ყველა ავღანელი უნდა გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.“

ჰამიდ კარზაის განცხადების თანახმად, 2014 წელს ქვეყნიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ, ავღანეთში დარჩენის მსურველ უცხო სახელმწიფოების ჯარისკაცებთან ორმხრივი ხელშეკრულებები დაიდება. შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს კიდევ 10 წლით გაუგრძელებენ ავღანეთში ყოფნის უფლებას.

ავღანეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა პაკისტანის მთავრობის მონაწილეობით მოლაპარაკება გამართოს ამ ქვეყანაში ბაზირებულ თალიბანის ლიდერებთან. ამ მოწოდებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც შეუერთდა.
XS
SM
MD
LG