აშშ-ის მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ პროკურორებს მიუთითა, რომ სასწრაფოდ მიანიჭონ პრიორიტეტი იმ ფედერალური დანაშაულების სამართლებრივ დევნას, რომელიც კომერციულ ავიარეისებზე ხდება. ამჟამად, ფედერალური ოფიციალური პირები, მგზავრების საქციელის გამოძიებების ისტორიულად მაღალი რაოდენობის წინაშე დგანან.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მზად არის აქტიურად განახორციელოს იმ მოძალადე მგზავრების სამართლებრივი დევნა, რომლებიც თავს ესხმიან ეკიპაჟის წევრებს, ან სხვა მგზავრებს საფრთხეს უქმნიან. ფედერალური კანონი კრძალავს თვითმფრინავის ეკიპაჟისთვის ხელის შეშლას, რაშიც შედის ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმა, მუქარა ან დაშინება.
გარლანდმა თავის მემორანდუმში თქვა, რომ ასეთი მგზავრები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ავიახაზების თანამშრომლებისთვის ზიანის მიყენებაა. „ისინი შეუძლებელს ხდიან კრიტიკული მოვალეობების შესრულებას, რომელიც საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხმარება. ამის მსგავსად, როდესაც მგზავრები კომერციული თვითმფრინავის შეზღუდულ სივრცეში სხვა მგზავრების მიმართ ძალადობას მიმართავენ, ეს საქციელი ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს საფრთხეს უქმნის“, თქვა მან.
ავიახაზები და მათი პროფკავშირები ფედერალური მთავრობისგან უფრო აგრესიულ სამართლებრივ დევნას დაჟინებით მოითხოვდნენ. ავიახაზების ცნობით, ამ წელს მგზავრების მიერ წესების დარღვევის 5 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, სადაც 3 600-ზე მეტი შემთხვევა, პირბადის გაკეთებაზე უარის თქმას შეეხებოდა, რაც ფედერალური რეგულაციის მოთხოვნაა.
Facebook Forum