ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 მაისს მსოფლიო ისევ დაღუპულ და დაპატიმრებულ ჟურნალისტებს ითვლის


წელს, ოთხი თვის განმავლობაში უკვე ოცზე მეტი ჟურნალისტია მოკლული, 120-ზე მეტი კი დაპატიმრებული. მხოლოდ 30 აპრილს, ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ 10 ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყოველი წლის 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღეს უფლებადამცველები მსოფლიოს ახსენებენ, თუ რამდენად სახიფათო ვითარებაში უხდებათ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულება, რა საშიშროებისა და გამოწვევების წინაშე დგანან ისინი არა მხოლოდ კონფლიქტების გაშუქებისას, არამედ ევროპული დემოკრატიის ქვეყნებშიც.

ამავე პერიოდში ქვეყნდება ხოლმე, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციების წლიური შეფასებები პრესის თავისუფლებისა და მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა რეგიონში.

მიროსლავა ღონღაძე უკრაინელი ჟურნალისტია, რომელიც ამჟამად "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას ხელმძღვანელობს. დღეს ის მეუღლის, გიორგი ღონღაძის გარდაცვალებას იხსენებს:

„ის სამთავრობო პოლიციამ მოკლა. ჩვენ უკრაინაში კორუფციას ვაშუქებდით და ცხადია, პრეზიდენტსა და მთავრობას არ მოსწონდა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ერთ დღესაც ის გაუჩინარდა და ორი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ის პოლიციის მიერ იყო მოკლული“, - ყვება მიროსლავა ღონღაძე.

"პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და თურქეთში პრესის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო წლებში უარესდება. რეგიონის ქვეყნების ორი მესამედი 180 ქვეყნიდან ბოლო 30-40 პოზიციას იკავებს."
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

იმავე, თუ მსგავსი "საფასურის გადახდა" ბევრ სხვა ჟურნალისტსაც უხდება პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" ამბობს, რომ პრესის თავისუფლების მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში იკლებს.

ნაჯიბ შარიფი, "ავღანელი ჟურნალისტების უსაფრთხოების კომიტეტიდან" ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილს მომხდარი აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე სისხლიანი ქმედება იყო, რეპორტიორები ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უპირისპირდებიან.

ჟურნალისტებზე თავდასხმა მხოლოდ მკვლელობებით არ გამოიხატება. ბირმაში 12 დეკემბერს "როიტერის" ორი ჟურნალისტი დააკავეს, რადგან ისინი იმ სისასტიკის გადაღებას და გაშუქებას ცდილობდნენ, რამაც აგვისტოს შემდეგ ასეულობით ათას როჰინგას ტომის მუსლიმს ბანგლადეშის საზღვრის გადაკვეთა აიძულა. მხოლოდ თურქეთში ამ დროისთვის 120-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება გისოსებს მიღმა.

"პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭვირვალობაა. როგორც კი ეს ყველაფერი ხალხისთვის ნათელი ხდება, იწყება ამგვარი ინფორმაციისა და მისი წყაროები დისკრედიტირება. არ შეიძლება პროპაგანდას და ტყუილებს საპირისპირო ტყუილებით ვებრძოლოთ, ეს საშინელებაა, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ყველაფრის გამოაშკარავება"
კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი

"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" დირექტორი კორტნი რაში ამბობს, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტთა დაპატიმრება გახშირდა. მისი თქმით, გასულ წელს, როდესაც მათ ციხეების ბოლო აღწერა ჩაატარეს, საპატიმროებში სულ მცირე 262 ჟურნალისტი იყო. უფლებადამცველი განმარტავს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ხშირად "სახელმწიფოს ღალატთანაა" გაიგივებული და ბევრი ჟურნალისტი ციხეში "ტერორიზმის ხელშეწყობის ან "ღალატის" ბრალდებით მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მისი საქმიანობა ამა თუ იმ ხელისუფლებისთვის არ იყო სასურველი.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და თურქეთში პრესის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო წლებში უარესდება. რეგიონის ქვეყნების ორი მესამედი 180 ქვეყნიდან ბოლო 30-40 პოზიციას იკავებს.

გასულ კვირას ვაშინგტონში მაკკეინის ინსტიტუტმა ვაცლავ ჰაველის სტიპენდიანტ ჟურნალისტებს უმასპინძლა. დისკუსიის მონაწილე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში მუშაობის გამოცდილებასა და საფრთხეებზე ისაუბრეს.

მაკკეინის ინსტიტუტის კომუნიკაციების დირექტორი ლუკ ნითინგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამერიკაშიც და სხვაგანაც მეტი იცოდნენ იმ კონკრეტული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ეს ჟურნალისტები დგანან:

"ეს ჟურნალისტები დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და განაგრძობენ მუშაობას იმავე წნეხისა და გამოწვევების პირობებში. ამიტომ, ჩვენთვის, მაკკენინის ინსტიტუტისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვისაც ვიწვევთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა გარემოში მუშაობენ ისინი. ჩვენ ბევრი უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. აუცილებელია მათი და ინფორმაციის კარგი წყაროების მხადაჭერა, პრაქტიკული ჟურნალისტიკის სწავლების გაუმჯობესება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ მათი ხმა იყოს მოსმენილი.

რომან პრატასევიჩი ბელორუსი ჟურნალისტია, რომელმაც ერთ-ერთი იმ საპროტესტო ტალღის გადასაღებად, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები არ აჩვენებდნენ, სოციალურ მედიაში ფული შეაგროვა და აქციებიდან ლაივსტრიმს დამოუკიდებლად აკეთებდა. თუმცა ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში ესეც რთულია და ხშირად ჩნდება კითხვები ასეთი ჟურნალისტიკის სტანდარტებისა თუ სანდოობის შესახებ.

"ბელორუსში ბოლო წლებში ბევრმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დაიწყო სოციალური ქსელების გამოყენება. მაგრამ სახელმწიფო კონტროლის გამო ზოგჯერ სამწუხაროდ, ისეთი კურიოზული სიტუაციებიც კი ხდება, რომ ჟურნალისტებს „ფეისბუქზე“ ლაივსტრიმინგის გამო აპატიმრებენ", - ამბობს პრატასევიჩი, და დასძენს, რომ რადგან არადემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობები სოციალურ ქსელებსაც აკონტროლებენ და ხშირად ზღუდავენ კიდეც, არც ესაა გამოსავალი.

"მიუხედავად ამისა, ეს მაინც უდიდესი საშუალებაა იმისა, რომ თქვა სიმართლე. თუმცა ცხადია, პროპაგანდა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც არსებობს. მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარად მუშაობს", - ამბობს ბელორუსი ჟურნალისტი.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მზარდი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსაც. უკრაინელმა ჟურნალისტმა გლიბ ჟავორონკოვმა ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების იმ წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შედეგადაც ქვეყანაში რუსული არხები და სოციალური ქსელები შეიზღუდა.

აქტივისტები უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ, 2017 წელი
აქტივისტები უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ, 2017 წელი

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრიანის საკითხებში კურტ ვოლკერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თითოეული ქვეყანა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას:

"ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ქმედება აშკარად რუსეთის ხელისუფლების და მათი სადაზვერვო სამსახურების მიერაა მართული, იქნება ეს სოციალური მედიის ანგარიშების კონტროლი, თუ სახელმწიფო მედიასაშუალებები - RT და “სპუტნიკი”, რომლებიც პირდაპირ კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ. უკრაინამ დაბლოკა ასეთი მედიასაშუალებები", - ამბობს ვოლკერი და დასძენს, რომ როდესაც ქვეყანაში მაინც არის პროპაგანდა, რომელიც ცდილობს მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენას, მნიშვნელოვანია მისი გამოაშკარავება. "პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭვირვალობაა. როგორც კი ეს ყველაფერი ხალხისთვის ნათელი ხდება, იწყება ამგვარი ინფორმაციისა და მისი წყაროების დისკრედიტირება. არ შეიძლება პროპაგანდას და ტყუილებს საპირისპირო ტყუილებით ვებრძოლოთ, ეს საშინელებაა, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ყველაფრის გამოაშკარავება", - ამბობს კურტ ვოლკერი.

ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში და ყოფილი ელჩი ნატოში იმასაც დასძენს, რომ საქართველოსა და უკრაინაში შედარებით თავისუფალი მედია გარემოა, ვიდრე ბევრ მეზობელ სახელმწიფოში.

პრესის თავისუფლების რუკა, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"
პრესის თავისუფლების რუკა, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

"მრავალფეროვანი დამოუკიდებელი მედიის ქონა, და მფლობელთა მრავალფეროვნება არის უმნიშვნელოვანესი. რადგან ხდება ისე, რომ მედიასაშუალებებს ან ხელისუფლება ფლობს, ან ხალხი, რომელსაც თავისი "შეხედულება" აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროები და განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ამ ქვეყნებში მამაცი და გამორჩეული ჟურნალისტების საქმიანობას, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებიან ისინი და უკეთესი იქნება ეს მათი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ უნდა ვიდგეთ ამ ჟურნალისტების უკან", - უთხრა "ამერიკის ხმას" კურტ ვოლკერმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG