ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კენედის მკვლელობიდან დღემდე


კენედის პრეზიდენტობის დროს საბჭოთა კავშირთან ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მსოფლიო ბირთვული დაპირისიპირებისგან იხსნა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
ბმული

22 ნოემბერს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობიდან 50 წელი სრულდება. მსოფლიო ბევრად სხვანაირი იყო 1961 წელს, როდესაც კენედი პრეზიდენტი გახდა. შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის პერიოდი იყო. ომის ხაზი ბერლინზე, კუბაზე და ვიეტნამზე გადიოდა. როდესაც ოფისში შევიდა, კენედის კომუნიზმის წინააღმდეგ უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მელონი მოგვითხრობს, მისი ადრეული პოლიტიკის ჩავარდნამ კუბაში ადმინისტრაციის საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.

საპრეზიდენტო პოსტზე მოსვლის პირველივე დღეებში პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ნათლად განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირიდან მომავალ აგრესიას თავს არასდროს დაუხრის.

ჯონ კენედი: მოდით, ყველა ქვეყანამ იცოდეს, ნებისმიერი, რომელიც სიკეთეს გვისურვებს ან ბოროტებას, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ნებისმიერ სიძნელეს გავუძლებთ, ნებისმიერ მეგობარს ამოვუდგებით მხარში, მტერს შევეწინააღმდეგებით, იმისათვის, რომ თავისუფლების გადარჩენის ბრძოლა წარმატებული იყოს.

ადმინისტრაციას ცოტა ხნით ადრე სერიოზული მარცხი მოუვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერის გამო კუბაში კასტროს ოპონენტების შეჭრის დროს. მწერალი რობერტ დელეკი ამბობს, რომ ეს გაუაზრებელი შეჭრა, რომელიც ფიასკოთი დასრულდა, კენედისთვის გაკვეთილი იყო.

რობერტ დელეკი: ეს აბსოლუტური ჩავარდნა იყო, ისეთი, რომ კენედი ამის შემდეგ ხშირად იმეორებდა, რომ ასეთი სისულელე წარმოუდგენელი იტო. ამის გამო ის ძალიან გულდაწყვეტილი იყო, ძალიან განიცდიდა ამას, რადგან წარუმატებელმა ოპერაციამ სამხედროებში მის მიმართ ნდობა შეარყია.

კუბაში განცდილი მარცხი, კენედის ახალგაზრდულ ასაკთან და გამოუცდელობასთან ერთად, იმას ნიშნავდა, რომ მას მსოფლიო ლიდერების პატივისცემა და აღიარება უნდა მოეპოვებინა ევროპაში გამგზავრების დროს, როგორც მხარდამჭერებისგან ისე კონკურენტებისგან.

რობერტ დელეკი: ამიტომ ცნობილი ფაქტია, რომ კენედი დე გოლის გვერდით უნდა მდგარიყო, უნდა შეფასებულიყო როგორც, მისი თანასწორი, რაც კენედის საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა. ამის შემდეგ ის მიდის ვენაში, სადაც საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველ მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს ხვდება. ხრუშჩოვი მას შეუბრალებლად ეპყრობა, როგორც ახალგაზრდა კაცს, რომელმაც არ იცის რას აკეთებს. და ეს ეხება ბერლინის საკითხს. კიდევ ერთი საკითხი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, იყო ის, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბირთვული კონფლიქტი აეცილებინა თავიდან.

პრეზიდენტ კენედის ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური გამოცდა 1962 წელს იყო. როდესაც ამერიკელმა მზვერავმა ვერტმფრენებმა კუბაში საბჭოთა კავშირის სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინეს.

ჯონ კენედი: გასულ კვირას შეუცდომლად დადასტურდა, რომ კუბაში მოიერიშე რაკეტები მწყობრშია მოყვანილი.

იმისათვის, რომ კუნძულზე საბჭოთა კავშირის სამხედრო რაკეტების გადასროლა შეეჩერებინა, კენედიმ კუბის სამხედრო-საზღვაო ბლოკადის შესახებ ბრძანება გასცა. 13-დღიანი კრიზისის დროს მსოფლიო ატომური დაპირისიპირების მოლოდინში იყო. თუმცა კენედის დიპლომატიამ შედეგი გამოიღო და კრიზისი საბოლოოდ მოგვარდა - საბჭოთა კავშირმა უკან დაიხია.

სარაკეტო კრიზისმა კენედი დაარწმუნა რომ საჭირო იყო ცივი ომის გამო არსებული დაძაბულობის განმუხტვა. მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. კენედიმ საბჭოთა კავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ბირთვული იარაღის გამოცდის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რამაც საფუძველი შეუქმნა მომავალში მოსკოვთან დადებულ სხვა სამხედრო ხელშეკრულებებს.

პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, კენედი ასევე ეჭქვეშ აყენებდა ამერიკელების სამხრეთ ვიეტნამში სამხედრო დარჩენის მოტივაციას.

რობერტ დელეკი: ისტორიკოსის თქმით, ის არასდროს გააკეთებდა იმას რაც, ლინდონ ჯონსონმა გააკეთა. კენედი არასდროს არ გადაისვრიდა ასეთ დიდძალ სამხედრო კონტიგენტს, რაც ჯონსონმა გააკეთა. ის არ დაუშვებდა ომის ისეთ ესკალაციას, რაც ჯონსონმა დაუშვა.

ჯონ კენედის საპრეზიდენტო მმართველობის დრო ძალიან ხანმოკლე იყო. თუმცა მან შეძლო კუბის კრიზისის მოგვარება, და დაიწყო ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სამშვიდობო მცდელობები, რომელიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG