ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კენედის მკვლელობიდან 48 წელი შესრულდა

1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტი ჯონ კენედი ტეხასის ქალაქ დალასში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. თუმცა, საბედისწერო გასროლამ პრეზიდენტ კენედის სიცოცხლე დაასრულა. ეს ტრაგიკული მოვლენა დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით არის აღსავსე. საიდუმლო სამსახურის აგენტები ვინც პრეზიდენტ კენედის იცავდნენ, აქამდე დუმილს ამჯობინებდნენ. ამ მოვლენის ირგვლივ დღეს უკვე წიგნი გამოიცა, რომლის ავტორიც საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი კლინტ ჰილი მკითხველს მოუთხობს თუ როგორც შეცვალა მისი ცხოვრება დალასში ერთმა გასროლამ. წიგნის ავტორს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კეინ ფარაბაო ესაუბრა.

საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი კლინტ ჰილი ყვება, რომ პრეზიდენტ კენედის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკმაოდ რთული ამოცანა იყო.

„პრეზიდენტ კენედის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. მას არ უყვარდა, როცა ვინმე მასსა და ხალხს შორის დგებოდა,“ - ამბობს ჰილი.

1963 წლის 22 ნოემბერი ჩვეულებრივად დაიწყო. ტეხასში პრეზიდენტის მიმართ მაინცდამაინც კარგი განწყობები არ იყო.

„ის უკიდურესად კონსერვატიული რეგიონი იყო. კენედის კი მთელი რიგი გარემოებების გამო კონსერვატორად არ თვლიდნენ. ამდენად, იქ პრობლემები მოსალოდნელი იყო.თუმცა საფრთხეებს არ ველოდით და არც ინფორმაცია გვქონდა,“ - ამბობს კლინტ ჰილი.

დალასში პრეზიდენტის კორტეჟმა გეზი დილეის მოედნისკენ აიღო.

ჰილი პრეზიდენტის ლიმუზინს მიყვებოდა.

„მოტოციკლების კოლის მხრიდან აფეთქების ხმა გავიგე, დავინახე რომ პრეზიდენტმა ყელზე იტაცა ხელი და მივხვდი რომ რაღაც მოხდა. გადმოვხტი და პრეზიდენტის მანქანისკენ გავიქეცი რათა ზემოდან გადავფარებოდი. მესამე გასროლა პრეზიდენტს თავში მოხვდა, ჭრილობა ღრმა იყო,მანქანა სისხლით მოისვარა.ქალბატონი კენედი ნაჭრის პოვნას ცდილობდა რომ პრეზიდენტისთვის ჭრილობა გადაეხვია. ხელი წავავლე და მისი ზურგი დავფარე. პრეზიდენტი გვერდზე გადავვარდა. მე ზემოთ ავძვერი ისე, რომ ორივე დამეფარა. შემდეგ შევტრიალდი და უკანა მანქანას დავლა დაშვებული ცერათი ვანიშნე,“ -იხსენებს ჰილი.

ეს ყველაფერი ერთ წუთიც არ გაგრძელდა, მაგრამ ამ წამებმა კლინტ ჰილს მთელი ცხოვრება შეცვალა.

„თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მე ვიყავი ერთადერთი აგენტი, რომელსაც ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა,“ - ამბობს ჰილი.

კენედის მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. საიდუმლო სამსახური შოკში იყო. კლინტ ჰილი ამის შემდეგ კიდევ სამ პრეზიდენტს იცავდა, მაგრამ 1975 წელს დეპრესია დაეუფლა და სამსახური მიატოვა.

2009 წელს მწერალმა ლიზა მაკკუბინმა წიგნისთვის ინტერვიუ სთხოვა.

„1975 წელს მან ერთი ინტერვიუ მისცა. ეს კლასიკური ინტერვიუ იყო, სადაც ის ძალიან განერვიულდა. ამის შემდეგ ის განმარტოვდა,“ -ყვება მაკკუბინი.

თუმცა მისმა მეგობარმა ყოფილმა აგენტმა და ახლა უკვე მწერალმა ჯერალდ ბლეინმა, ასევე სხვა კოლეგებმა ჰილი დაარწმუნეს, რომ აუცილებელი იყო ჩრდილიდან გამოსვლა. ის ამბობს, რომ წიგნის -„კენედის დეტალების“ გამოცემამ მასზე თერაპიულად იმოქმედა.

„განსაკუთრებული გავლენა იმან მოახდინა, რომ მქონდა ხალხთან შეხვედრების და ჩემს წიგნზე საუბრის შესაძლებლობა. ისინი ბევრ კითხვას მისმევდნენ, რადგან ეს კითხვები დღესაც არსებობს,“ - ამბობს ჰილი.

ყველაზე მეტად ხალხს აინტერესებს იყო თუ არა დალასში ერთზე მეტი მკვლელი. ჰილი საგამოძიებო კომისიას ეხმარებოდა. როგორც კომისიამ დაასკვნა კენედის მკვლელი მხოლოდ ლი ჰარვი ოსვალდი იყო.

XS
SM
MD
LG