ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენედის მკვლელობამ საიდუმლო სამსახურების მუშაობა შეცვალა


კენედის მკვლელობამ საიდუმლო სამსახურების მუშაობა შეცვალა

„კენედის დაცვის სამსახურის მისიის“ ავტორის აზრით, პრეზიდენტის მკვლელობა დაცვის არასრულფასოვნების გამო მოხდა.

ეს ზუსტად 48 წლის წინ, 22 ნოემბერს მოხდა. როდესაც დალასში სროლის ხმამ მთელი ამერიკა შესძრა, საიდუმლო სამსახურის აგენტი კლინტ ჰილი რეაგირებისთვის იდეალურ პოზიციაში იმყოფებოდა. ის საკმაოდ მარტივ ანალიზს აკეთებს. ჰილი ამბობს, რომ მათ ვერ შესძლეს პრეზიდენტი კენედის დაცვა და ეს ტრაგიკული შემთხვევა მათი პასუხისმგებლობაა.

აგენტი ჯერლად ბლეინიც, რომელმაც მოგვიანებით ამ მოვლენების შესახებ წიგნი გამოსცა, იმ დღეს ტეხასში იმყოფებოდა, ოღონდ არა ქალაქ დალასში. წიგნში „კენედის დაცვის სამსახურის მისია“ ბლეინი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მკვლელობა დაცვის არასრულფასოვნების გამო მოხდა, კონკრეტულად - მათ საკმარისი კადრი არ ჰყავდათ. დაცვის 34 წევრი თეთრ სახლში დარჩა. დალასში იმ მომენტში აგენტების ნაწილი ან გვერდით, ან მანქანების ესკორტში ფეხზე იდგა.

ბლეინის თქმით, აგენტებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება არ ჰქონდათ და ინფორმაციას რაციის გარეშე ჟესტიკულაციური სიგნალებით, მხოლოდ ხელის მოძრაობით გადასცემდნენ.

ავტორი ლიზა მაკუბინი ბლეინს წიგნზე მუშაობაში ეხმარებოდა. ის ამბობს, რომ კენედის მკვლელობის დროს გამოაშკარავებულმა დაცვის ჩავარდნებმა, საიდუმლო სამსახურები აიძულა პრეზიდენტის უსაფრთხოების დაფინანსება და მათი მუშაობის სტილი ძირფესვიანად შეეცვალა.

„ამ ფაქტმა ისინი აიძულა გაეცნობიერებინათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მისია აკისრია პრეზიდენტის დაცვის სამსახურს. ამიტომ მათ კონგრესს მეტი დაფინანსება მოთხოვეს. თუმცა ისინი დამატებით თანხებს ისედაც წლების განმავლობაში მოითხოვდნენ, რათა მეტი ადამიანი აეყვანათ სამუშაოზე. მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ იმ რესურსით, რაც მათ გააჩნდათ, პრეზიდენტს ვერ დაიცავდნენ“ - ამბობს წიგნის თანაავტორი.

კლინტ ჰილიც დაცვის წევრი იყო. ის საიდუმლო სამსახურში დარჩა და დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე მიაღწია. კლინტ ჰილი მომსწრეა იმის, თუ როგორ შეიცვალა მას შემდეგ, პრეზიდენტის დაცვის სისტემა. აიკრძალა ღია მანქანებით მოგზაურობა, გამოიყო დამატებითი დაფინანსება, აიყვანეს მეტი აგენტი და დაიხვეწა მათ შორის კომუნიკაციის საშუალებები. ჰილი ამბობს, რომ დანაშაულის გრძნობა მას არ ასვენებდა და მან სამსახური ამ ფაქტის შემდეგ მალე დატოვა.

პრეზიდენტი ჯერალდ ფორდის მოკვლა ორჯერ სცადეს. 1981 წელს კი ვაშინგტონის სასტუმროდან გამომავალი რონალდ რეიგანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ჯონ ჰინკლის მიერ ნასროლმა ტყვიებმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მათ შორის პრეზიდენტიც იყო. რეიგანს ფილტვის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. დაცვის თანამშრომელი ტიმ მაკარტი კუჭში დაიჭრა, პრესმდივან ჯეიმს ბრედს კი ტყვია თავში მოხვდა და სამუდამოდ დასახიჩრდა.

აგენტი მაკარტის თქმით, მართალია ამ ინციდენტის გამო არავინ დაღუპულა, მაგრამ საიდუმლო სამსახურების დაცვის სისტემაში მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ამ შემთხვევის შემდეგ მეტალის დეტექტორები შემოიღეს და ყველას ამოწმებენ, ვინც პრეზიდენტთან ახლოს იმყოფება. ფაქტია, რომ მას შემდეგ ანალოგიურ ინციდენტს 30 წელზე მეტია ადგილი აღარ ჰქონია“.

30 წელი ცოტა არ არის, მაგრამ თვითკმაყოფილების დრო საიდუმლო სამსახურებს ერთი წუთითაც არ აქვთ. მათ კარგად იციან, რომ პრეზიდენტები მუდმივ სამიზნეს წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG