ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სიახლეები შეიძლება გავიგოთ კენედის მკვლელობის შესახებ?


დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი, რომელიც აქამდე ამერიკის პრეზიდენ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის საგამოძიებო მასალებში ინახებოდა, დღეს საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. დოკუმენტები 3 000-ზე მეტ ფაილს შეიცავს. ამ ფაილების გასაჯაროების შეზღუდვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურად შეეძლო, თუმცა, მან შაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ დოკუმენტების სრულად გამოქვეყნების მომხრეა და ამ ფაილების გასაჯაროებას თავადაც ელოდება.

დოკუმენტებში შესაძლოა იყოს მასალები კენედის მკვლელობაში ბრალდებულის - ლი ჰარვი ოსვალდის მეხიკოში მოგზაურობის შესახებაც, სადაც ის მკვლელობამდე ორი თვით ადრე, 1963 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

„საქმე დაიხურა“ - ეს წიგნი კენედის მკვლელობის შესახებ 1993 წელს გამოიცა და მისი ავტორი ჯერალდ პოზნერი წიგნში მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა. მისი ვარაუდით, საქმის მასალების გახსნა, შეიძლება შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელი იყოს გამოჩენილი მექსიკელებისთვის, რომლებიც შესაძლოა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და სხვა სამსახურებს მკვლელობის წინა დღეებში და მის შემდეგაც ინფორმაციას აწვდიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაილები ათწლეულების წინანდელ ინფორმაციას შეიცავს, მათ გასაჯაროებას მაინც შეუძლია დაზვერვის სამსახურების მეთოდებისა და წყაროების შესახებ არასასურველი ინფორმაციის გამჟღავნება.

თუმცა, პოზნერი ამბობს, რომ უშუალოდ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შოკისმომგვრელს ვერაფერს შევიტყობთ.

„აქ არ იქნება იარაღი, რომელიც გაისვრის და კვამლს გამოუშვებს, არაფერია ახალი, მაგალითად, მეორე მსროლელის შესახებ, არაფერი სიახლე რომელიმე კონსპირაციული თეორიის შესახებ,“ - უთხრა მან "სი-ენ-ენს" გაუსლ კვირას. „ეს ალბათ უბრალოდ შეავსებს ჩვენს ცოდნას ამ საქმის შესახებ, მაგრამ ეს არაა შემთხვევა, რომელიც აქამდე არსებულ ვერსიას თავდაყირა დააყენებს და მაგალითად გვეტყვის, რომ იქ 3 ან 4 მსროლელი იყო. ეს გამორიცხულია“, - ამბობს ავტორი.

ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურმა მრჩეველმა როჯერ სტოუნმა თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს სურდა, პრეზიდენტს საქმის მასალების გამოქვეყნება კიდევ 25 წლით გადაედო. თავად სტოუნი კი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ჯონ კენედის მკვლელობაში მისი ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონიც იყო გარეული. ორშაბათს, „ტვიტერზე“ მან დაწერა, რომ გამოსაქვეყნებელი დოკუმენტების დიდი ნაწილი ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რაც სავარაუდოდ, დარედაქტირებული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერი და სტოუნი განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ თავიანთ წიგნებში იმის შესახებ, თუ ვინ მოკლა კენედი და რატომ, ორივე მათგანი ეჭვით უყურებს დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხს.

კენედის სიკვდილის შემდეგ თანამდებობის დაკავებიდან მალევე, პრეზიდენტმა ჯონსონმა შექმნა უორენის კომისია, რომელსაც უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე იარლ უორენი ხელმძრვანელობდა. კომისიამ 1 წლის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ოსვალდი მარტო მოქმედებდა. კომისია შეეცადა გაექარწყლებინა ამ საქმის ირგვლივ არსებული კონსპირაციის არაერთი თეორია. კომისია ამბობდა, რომ ეს თეორიები „დაუდასტურებელ ინფორმაციას“ ეფუძნებოდა და რომ ამით იქმნებოდა მითები და შეუსაბამო ინტერპრეტაციები. თუმცა, ამან კონსპირაციის თეორიებს დამაჯერებლობა ვერ მოაკლო.

კონსპირაციის თეორიები

სამთავრობო აგენტებით დაწყებული, ჰოლივუდის წარმომადგენლებით დამთავრებული, არაერთი ადამიანი თხზავდა და ავრცელებდა სხვადასხვა ვერსიას, თუ რა მოხდა: იყო ეს კუბის და საბჭოთა კავშირის აგენტების დაგეგმილი, იყო მაფიის მოწყობილი დარტყმა თუ ფარული ფედერალური ამბოხის შედეგი? ეს თეორიები აქტუალობას 50 წლის შემდეგაც არ კარგავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ფაქტმა ამ თეორიების ავტორებს საბაბი მისცა.

  • 1964 წლის 22 ნოემბერს ოსვალდი ჯეკ რუბიმ, ღამის კლუბის მფლობელმა მოკლა. ამ მკვლელობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდი შეთქმულების ნაწილი იყო.
  • 1970-იან წლებში კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს წინააღმდეგ კენედის ადმინისტრაციისა და მისი ძმის - გენერალური პროკურორის რობერტ კენედის მიერ გაწეული ძალისხმევის გამო, ზოგიერთი ვერსია ამბობს, რომ კასტრომ პრეზიდენტი კენედი მანამ მოკლა, სანამ ეს უკანასკნელი შეძლებდა კასტროს მოკვლას.
  • ოსვალდი 1959 წელს საბჭოთა კავშირში გაემგზავრა და სწორედ მკვლელობის წელს დაბრუნდა. ზოგიერთი ვერსიით, საბჭოთა ლიდერებმა სწორედ იქ მოახერხეს მისი რეკრუტირება.​

  • ოსვალდი იმავე წლის სექტემბერში მეხიკოშიც იმყოფებოდა. სადაც ასევე არსებული ვერსიით, კუბის საელჩოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ის ცდილობდა მოეპოვებინა კუბის ვიზა, საიდანაც შემდეგ საბჭოთა კავშირში შეძლებდა გამგზავრებას.

  • კენედის ადმინისტრაცია კასტროს გასანეიტრალებლად მაფიის წევრებთან თანამშრომლობდა. ამან კი მისცა საფუძველი იმ თეორიას, რომლის თანახმადაც კენედის მკვლელობის საქმეში რაღაც მხრივ მაინც მაფია იყო ჩართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG