ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიამ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა


ორშაბათს, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა და პირობა დადო, რომ ჩამოაგდებს ნებისმიერ გასროლილ ობიექტს, რომელიც მის ტერიტორიას დაემუქრება. ეს განცხადება იაპონიამ გააკეთა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ, რომ ფხენიანი 31 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში თანამგზავრის გაშვებას აპირებს.

ბირთვული შეიარაღების მქონე ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ თავისი პირველ სამხედრო-საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და ფხენიანმა მისი გაშვებისთვის საბოლოო მზადების დაწყების ნებართვა გასცა.

თანამგზავრის გაშვება, ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების, მათ შორის მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის და იარაღის გამოცდის უკანასკნელი ნაბიჯი გახდება.

ტოკიო მოელის, რომ ჩრდილოეთ კორეული თანამგზავრის მატარებელი რაკეტის კურსი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულების ჯაჭვის თავზე გაივლის, როგორც ეს ფხენიანმა 2016 წელს გააკეთა.

„ჩვენ მივმართავთ გამანადგურებელ ზომებს ბალისტიკური და სხვა რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც დადასტურებულად შესაძლოა ჩვენს ტერიტორიაზე დაეშვნენ,“ განაცხადა იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ.

თავდაცვის სამინისტრომ იქვე დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეული რაკეტის გასანადგურებლად შეიძლება თავისი სტანდარტული რაკეტა-3 (SM-3) ან „პატრიოტის“ რაკეტა PAC-3 გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG