ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია პოლიტიკურ ჩიხშია, ვადამდელი არჩევნები გამორიცხული არ არის


პარასკევს, იტალიის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განაცხადი გააკეთა, შესაძლოა ქვეყანას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დასჭირდეს. პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება, კოალიციური პარტნიორის ამბოხების ფონზე მიიღო.

ხუთშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ დრაგის თხოვნა გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა და პოლიტიკური ვითარების უფრო ნათელი სურათის მისაღებად, სთხოვა მომავალ კვირაში პარლამენტს სიტყვით მიმართოს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ თუ მთავრობაში ერთიანობა სწრაფად არ აღდგება, ერთადერთი ალტერნატივა - შემოდგომისთვის არჩევნების დანიშვნა იქნება. მან გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნაადრევი არჩევნები რუსეთს მოეწონება, მაგრამ შესაძლოა მან იტალიის ეკონომიკა დააზარალოს.

დრაგის მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში 18 თვის წინ მოვიდა, პრობლემა პოპულისტურმა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ შეუქმნა. ამ კოალიციურმა პარტნიორმა ხუთშაბათს ბოიკოტი გამოუცხადა დრაგის საპარლამენტო ნდობის გამოცხადების ინიციატივას, რომელიც ეხებოდა დრაგის გეგმებს, გამკლავებოდა საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების პრობლემას. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ აცხადებდა, რომ ეს ზომები საკმარისი არ იყო.

პრემიერის კაბინეტიდან ორმა ანონიმურმა წყარომ, კოალიციის მომავალზე პესიმიზმი გამოხატა. მათ თქვეს, რომ დრაგის გადადგომა მტკიცედ აქვს გადაწყვეტიოლი. ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სავარაუდო შედეგი, ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. ამ შემთხვევაში, დრაგი დროებითი მეთვალყურის როლში დარჩება, მაგრამ ვერ შეძლებს 2023 წლის ბიუჯეტის შედგენას ან იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ევროპამ ზარალის დაფარვის დაფინანსების სანაცვლოდ მოითხოვა.

XS
SM
MD
LG