ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი დღეს ისრაელში მოლაპარაკებებზე ბრუნდება


ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯონ კერის ახლანდელი ვიზიტის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს ისრაელში მოლაპარაკებებზე ბრუნდება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინლებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებსაც მოიცავს. იერუსალიმში ჯონ კერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის გარდა, რამდენიმედღიანი ვიზიტის განმავლობაში პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრასაც გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მარი ჰარფის განცხადებით, ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯონ კერის ახლანდელი ვიზიტის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ ორ მხარეს შორის არსებული წინააღმდეგობების ნაწილის დაძლევა მაინც მოხდება. საუბარია სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც სასაზღვრო და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, იერუსალიმის ბედს და პალესტინელი დევნილების დაბრუნების უფლებასაც ეხება.

ისრაელს და პალესტინლებს შორის შეწყვეტილი მოლაპარაკება სამწლიანი პაუზის შემდეგ 2013 წლის ივლისში განახლდა. ორმხრივი შეთანხმებით, მოლაპარაკება 2014 წლის აპრილის თვემდე გაგრძელდება. ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, რის გამოც ის რეგიონს ხშირად სტუმრობს.
XS
SM
MD
LG