ერაყი აცხადებს, რომ დასავლეთ ანბარის ტერიტორიების დაბრუნების მიზნით იერიშზე გადადის. პროვინციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს აქვს დაპყრობილი, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები რამადი და ფალუჯაც არის.
დღეს ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში ოფიციალური ბაღდადი აცხადებს, რომ ერაყულ შენაერთებში არიან როგორც სუნიტი, ასევე შიიტი მებრძოლები. ერაყის ხელისუფლება ანბარის პროვინციას მთავარ პრიორიტეტად თვლის. რეგიონი დედაქალაქის დასავლეთით, დაახლოებით 125 კილომეტრში მდებარეობს. კვირას პროვინციის დაბომბვის შედეგად სულ ცოტა 29 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა კვირის შეტევაზე არავის აუღია. თუმცა, მსგავს დაბომბვებს უმთავრესად დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს მიაწერენ.