ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პროგრამა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში რიკ სტენგელი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიაზე საუბრობს.

„ამერიკის ხმა“ ესაუბრა რიჩარდ სტენგელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ინტერვიუში ის ამერიკის შეერთებული შტატების და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ დაწყებული ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს. პროექტი, სახელწოდებით სავაბის ცენტრი აბუ დაბიში გაიხსნა. ის მიზნად ისახავს სოციალური მედიით დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მეტი ინფორმაციის გავრცელებას და მასში მოხალისეთა გადინებისთვის ხელის შეშლას.

რიკ სტენგელი დადებითად აფასებს ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავებას შეერთებულ შტატებს და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის. ამერიკისთვის ისლამური სახელმწიფო „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ არ წარმოადგენს, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში მეზობელი ქვეყნებისთვის ის უშუალო საფრთხის მატარებელია, ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისი თქმით, „არაბულ სახელმწიფოებს და ჩვენ ახლა საერთო მტერი გვყავს და საერთო მტერს ხალხის გაერთიანების უნარი აქვს... არაბულ ქვეყნებში სოციალური მედიის მობილიზება ხდება. საუბარია იორდანიაზე, ეგვიპტეზე, საუდის არაბეთზე. დღეს როგორც იცით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად სავაბის ცენტრი გავხსენით, რომელიც ახალი ერთობლივი, ძლიერი ძალისხმევაა. ვფიქრობ, ის ამგვარი ცენტრების შექმნისკენ სხვა ქვეყნებსაც უბიძგებს“.

სავაბის ცენტრში შექმნილი მასალა დღეს სოციალური ქსელებით ფეისბუქზე, ტვიტერზე და იუთუბზე გავრცელდა. ისლამური სახელმწიფოს შესახებ მომზადებულ საინფორმაციო ვიდეოფირებში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობენ დაჯგუფებაში მებრძოლი ადამიანები ისლამის არასწორი ინტერპრეტაციით ხალხში სიძულვილის, შიშის და შეუწყნარებლობის გავრცელებას. რიკ სტენგელის თქმით, ისინი ისლამური სახელმწიფოს ყალბი ხასიათის გამოააშკარავებას ცდილობენ. „მათ მიერ შექმნილი მითები ყალბია. ხალიფატი სამოთხე არ არის, მათ არ აქვთ ელემენტარულად ელექტროენერგია, კანალიზაცია და ინტერნეტი“ - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

სტენგელის განმარტებით, ცენტრი მხოლოდ ამ მიმართულებით არ იმუშავებს. იქ გამოააშკარავებენ და სოციალურ ქსელებზე წვდომას შეუჩერებენ მათ, ვინც სიძულვილის ენაზე საუბრობს და სოციალური მედიის საშუალებით აგრესიის და ტერორიზმის იდეების გავრცელებას ცდილობს. ასე რომ, ძალიან დიდ ძალისხმევაზეა საუბარი, ამბობს ის, რომელიც „ინდივიდუალური სამიზნეებსაც“ მოიცავს და ამავე დროს გაცილებით დიდი მასშტაბის მქონე „მთელ მუსულმანურ სამყაროსთან საუბარსაც“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ჯამში მათ მიერ შექმნილი ცენტრი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ნეგატიურ კამპანიას შეზღუდავს და ინფორმაციის გავრცელების მხრივ, შესაძლოა, კოალიციის წევრი ქვეყნებისთვისაც ერთგვარ „მაკოორდინირებელ ცენტრად“ გადაიქცეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის სხვა მიმართულებებზეც საუბრობს და მათ წარმატებულად აფასებს. რიკ სტენგელის თქმით, საჰაერო რეიდები, რომელსაც საერთაშორისო ძალები ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ახორციელებს, ეფექტური გამოდგა და კოალიციამ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აიძულა მთელი რიგი მონაპოვარი დაეთმო და უკან დაეხია.

XS
SM
MD
LG