ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი


ამ წელს ირანის და ე.წ. „პი5+1“ ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ვენაში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა, რომელიც ამ მოლაპარაკებების კოორდინაციას ახდენს, მხარეების პოზიციებს შორის დიდი განსხვავების არსებობა აღიარა.

„დიდი და ინტენსიური მუშაობა იქნება საჭირო იმ უთანხმოებების გადასალახად, რომლებიც პროცესის ამ სტადიაში, ბუნებრივია ჯერ კიდევ არსებობს.“

ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად, საკუთარ თავს 20 ივლისი დაუთქვან.

ირანის ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ადრე დაჟინებით იმეორებდა, რომ ირანი არასდროს შეწყვეტდა ურანის გამდიდრებას ან დახურავდა ნებისმიერ ბირთვულ ობიექტს.

მაგრამ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ირანის მიერ ურანის გამდიდრების უფრო ეფექტური ტექნოლოგიების ძიებაზე შეზღუდვის დაწესებას მოითხოვენ. მათ სურთ გაზარდონ დროის მონაკვეთი, რაც ირანს შესაძლოა ატომური ბომბის დასამზადებლად დასჭირდეს. ამჟამად მიაჩნიათ, რომ ეს დრო ორ თვეს უდრის.

სამშაბათს, კონგრესისადმი მიმართვაში, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი ამ გზას დაადგება, შეერთებული შტატები საპასუხო ნაბიჯს გადადგამს.

„თუ ისინი ღიად ამცირებენ ატომური ბომბის დამზადებისთვის საჭირო დროს, არღვევენ შეთანხმებას, იწყებენ ურანის გამდიდრებას და ამას აგრძელებენ, ამით უაღრესად მნიშვნელოვანი, გარკვეული შედეგების მომტანი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის ბევრად უფრო დიდი ალბათობა არსებობს, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს.“

საკუთარი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ, ირანს სურს, რომ დასავლეთმა ის სანქციები გააუქმოს, რომლებმაც ირანის ეკონომიკა გააჩანაგეს.

ლონდონში არსებული „დაბლ იუ ლიგალ“-ის აღმასრულებებლი დირექტორი ნიგელ კუშნერი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების გარშემო არსებულმა ოპტიმიზმმა, დასავლეთის ბევრ კომპანიას ინტერესი აღუძრა. ეს ფირმა კონსულტაციებს უწევს იმ ფირმებს, რომლებიც სანქციადადებულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობით არიან დაკავებულნი.

„უამრავი სხვადასხვა ექსპორტიორი, ინდუსტრიის უამრავი სეგმენტიდან, რომლებსაც სურთ ირანის ბაზარზე დაბრუნება.“

ავიაცია ერთ-ერთი პირველი იქნება, რაც იმ ბაზარზე შევა.

თვითმფრინავებზე და სათადარიგო ნაწილებზე, წლების განმავლობაში არსებულმა სანქციებმა ირანის სამგზავრო საჰაერო ფლოტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოძველებული თვითმფრინავების გამო ათობით ავარია მოხდა.

„ირანეარ“-ის ხელმძღვანელი ვენაში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, სადაც საავიაციო სათადარიგო ნაწილებზე არსებული სანქციების შერბილების საკითხი განიხილებოდა. ნიგელ კუშნერი ამბობს, რომ ეს ეტაპობრივი პროცესი იქნება.

„პირველ რიგში, ეს ძირითადად „ირანეარ“-ს ეხება. აქ არ შედის ირანის ბევრი სხვა ავიახაზი, მაგალითად, „მოჰან ეარ“-ი. ეს ასევე მხოლოდ სათადარიგო ნაწილებით შემოიფარგლება, მათ ახალი თვითმფრინავების შეძენა არ შეუძლიათ.“

მოლაპარაკებების მონაწილენი იმედოვნებენ, რომ როცა 13 მაისს ვენაში ხელმეორედ შეიკრიბებიან, შეძლებენ უკვე მიღწეული წინასწარი შეთანხმებების განვრცობას.
XS
SM
MD
LG