ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ისრაელის გვერდით დგას


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უქმეებზე დელავერის შტატიდან მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში დაიწყო. ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა შეწყვიტა ვიზიტი დელავერში და ვაშინგტონში კაბინეტის წევრებთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან შესახვედრად დაბრუნდა. 13-14 აპრილს, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა.

"პრეზიდენტი ბაიდენი ნათლად აცხადებს: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის ურყევი. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან", - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

სპიკერის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს რეგულარულად აცნობენ ინფორმაციას საჰაერო თავდასხმის შესახებ. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში, კრიზის მენეჯმენტის ცენტრში, ე.წ. "სიტუაციურ ოთახში" გაიმართა და მას სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

თეირანი პირობას დებდა, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა ისრაელის ირანის საკონსულოს შენობაზე გასულ კვირას დამასკოში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის" ძალების უფროსი მეთაური და ექვსი სხვა ოფიცერი მოკლეს. ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

პენტაგონის განმარტებით, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს შაბათ დილით ესაუბრა, რათა განეხილათ "გადაუდებელი რეგიონული საფრთხეები". მან გაიმეორა ამერიკის სრული მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ირანისა და მისი მოკავშირეების თავდასხმების წინააღმდეგ.

ჯეიკ სალივანმა, პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, "X"-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ამერიკის მხარდაჭერის მსგავსივე გზავნილი გადასცა ისრაელელ კოლეგა ცაჩი ჰანეგბის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელევიზიით ისრაელელებს მიმართა და თქვა: “ისრაელის მოქალაქეებო, ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანის პირდაპირი შეტევისთვის. ჩვენი თავდაცვითი სისტემები განლაგებულია; ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ორივე თავდაცვითი თვალსაზრისით. შეტევითი თვალსაზრისით, ისრაელის სახელმწიფო ძლიერია”.

ისრაელმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და გააუქმა ყველა საგანმანათლებლო და სხვა ახალგაზრდული ღონისძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG