ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბირთვულ ნაგებობაში ურანით გამდიდრება განაახლა


ფორდოს ბირთვული ნაგებობა, ირანი
ფორდოს ბირთვული ნაგებობა, ირანი

ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ მიწის ქვეშ მდებარე ფორდოს ობიექტზე, ურანით გამდიდრება 20 პროცენტით განაახლა. ეს მნიშვნელოვნად აჭარბებს გამდიდრების დასაშვებ ზღვარს, რომელიც ირანს 2015 წელს, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით დაუწესდა.

თეირანმა ნელ-ნელა შეამცირა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა აშშ და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები.

მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტზე ამ სამუშაოს დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გასცა. ეს არის ირანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას. იმ ხელშეკრულებით ირანს შეუმსუბუქდა გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

გამდიდრებული ურანის გამოყენება შესაძლებელია ბირთვული ელექტრო რეაქტორის საწვავად, თუმცა მას ასევე იყენებენ ატომური იარაღის წარმოებაში. ბირთვული ბომბის შესაქმნელად ურანი, სულ ცოტა, 90 პროცენტით უნდა იყოს გამდიდრებული.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ირანის განცხადება. თუმცა, უწყებამ 1 იანვარს გამოაცხადა, რომ მას თეირანმა შეატყობინა მთების სიღრმეში მოქმედ, ფორდოს ობიექტზე ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების თავისი გეგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG