ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი კვლავ განაგრძობს ურანის გამდიდრებას


ირანი კვლავ განაგრძობს ურანის გამდიდრებას

ირანის ხელისუფლება გამომწვევად აცხადებს, რომ ყველანაირი უფლება გააჩნია დაეუფლოს ბირთვულ იარაღს, თუმცა ამის არანაირი სურვილი არა აქვს.

ექსპერტების აზრით ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაზე მუშაობა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რადგან ურანიუმი ატომური ბომბის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტია.

მას შემდეგ რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანიდან ნავთობის ექსპორტის ემბარგოზე შეთანხმდნენ, ამ ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს კეტრინ ეშტონს ეჭვი შეაქვს ირანის ხელისუფლების გულწრფელობაში.

მისი თქმით:“ როდესაც მათ ხელში არსებული გაღარიბებული ურანის მარაგზე ვფიქრობ ვერაფრით ამიხსნია რისთვის არის ეს საჭირო? ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია.“

ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტის მარკ ფიცფატრიკის განცხადებით ირანი მზად არის ბირთვული იარაღის შესაქმნელად, თუმცა ამას გარკვეული დრო ჭირდება.

მისი თქმით:“ ირანი თუ მოინდომებს ატომური ბომბის შექმნას, ამისთვის დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება.“

ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ირანის ბირთვული ობიექტის ფოტოები ახალახან გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ირანული ოპოზიციური დაჯგუფების მიერ. საერთაშორისო ექსპერტები შეშფოთებულნი არიან თეირანის მიერ ურანის სწრაფი გამდიდრების ტექნოლოგიის ათვისებით.

ბატონი ფიცფატრიკის განცხადებით:“ ირანმა ურანის გამდიდრების ოპერაციები შიიტების წმინდა ქალაქის ყუმის მახლობლად მდებარე ფორდოს მთაში არსებულ ლაბორატორიაში გადაიტანა, რომელსაც განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავენ. ჩვეულებრივი იარაღით ამ ობიექტის განადგურება შეუძლებელია.“

დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები ამტკიცებენ, რომ არ სურთ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება, თუმცა როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად არის დარჩენილი. მისი თქმით:“ არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ამ მიზნის მისაღწევად არაფერია გამორიცხული.“

ამავე დროს პრეზიდენტმა ობამამ დასძინა, რომ თუ ირანი უარს იტყვის ატომური ბომბის შექმნაზე და საერთაშორისო ინსპექტორებს დაუშვებს თავის ბირთვულ ობიექტებზე, მას შეეძლება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანთან მოლაპარაკების განახლების მიზნით ამ ქვეყანაში დელეგაციის გაგზავნას აპირებს. ვენაში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯენიფერ ჰოლ-გოდფრეის განცხადებით:“ ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა კონსტრუქციული შეხვედრის ორგანიზება მოახერხა, რომელზეც ჩვენი სააგენტოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი.“

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ჯერ კიდევ შესაძლებელია ირანის ლიდერების დარწმუნება უარი თქვან ბირთვული იარაღის შექმნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შეჩერება სამხედრო დარტყმის შემდეგაც შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG