ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ისრაელზე იერიში დაიწყო


ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. შეტევა, რომელმაც შეიძლება რეგიონული დაპირისპირება გამოიწვიოს, მოწინააღმდეგეებს შორის, “ჰამას”-ისრაელის ომის მნიშვნელოვანი ესკალაციაა. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელს.

ამ დრომდე ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა ასევე გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.

ირანი აცხადებდა, რომ გეგმავდა საპასუხო ქმედებას, მას შემდეგ, რაც 1 აპრილს, სავარაუდოდ, ისრაელმა იერიში მიიტანა დამასკოში, ირანის საკონსულოზე. საჰაერო იერიშის დროს მოკლეს ირანის "რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შვიდი ოფიცერი, მათ შორის, ორი უფროსი მეთაური. ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც პარასკევს მოუწოდა ირანს თავი შეეკავებინა ისრაელზე თავდასხმისგან, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ისრაელის გვერდითაა.

ისრაელის გადამდგარმა გენერალმა ამოს იადლინმა ქვეყნის "მე-12 არხს" უთხრა, რომ ირანული დრონები 20 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებითაა აღჭურვილი.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირენების ხმა ისმის საფრთხის ქვეშ მყოფ რაიონებში და რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მზადაა გაუმკლავდეს თავდასხმას.

ისრაელმა და მეზობელმა იორდანიამ, რომელიც ერაყსა და ისრაელს შორის მდებარეობს, განაცხადა, რომ ხურავს საჰაერო სივრცეს.

ღაზის სექტორში ისრაელის ომმა, რომელიც “ჰამასის” მიერ გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რეგიონული დაძაბულობა გაამწვავა, როგორც სირიის, ასევე - ლიბანის მიმართულებით.

დღეს, იქამდე, სანამ ირანი ისრაელზე იერიშს მიიტანდა, ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ინფორმაციით, თეირანმა ირანის წყლებში პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი "MSC Arie" დააკავა, ვერტმფრენიდან დესანტის გადასხმის გზით. თეირანის თქმით, გემი ისრაელს უკავშირდება.

MSC, რომელიც მართავს Aries-ს, ადასტურებს, რომ ირანმა გემი დააკავა და რომ მუშაობს "შესაბამის ორგანოებთან" მისი დაბრუნებისა და ეკიპაჟის 25 წევრის უსაფრთხოებისთვის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანი მეკობრეობაში დაადანაშაულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG