ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: რუსეთს საქართველოში შეჭრის საბაბი აღარ ექნება


რუსეთის ჯარისკაცები
ამერიკის ხმამ ექსკლუზიური ინტერვიუ სთხოვა ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტის წევრს, რესპუბლიკელ სენატორ ჯეიმს რიშს. ინტერვიუ ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ჩაწერა:

ბატონო სენატორო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ შეაფასებდით განწყობას ამერიკის სენატში ურაინაში მიმდინარე მოვლებენთან დაკავშირებით. არის თუ არა გამოკვეთილი აზრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით?

სენატში შეხედულება მყარადაა ჩამოყალიბებული. მგონი არავის გაუკვირდება ის, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციით და რუსეთის მოქმედებებით. მოვლენები მას შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც უკრაინელებმა გადაწყვიტეს გადაეჭრათ ის, რაც პრობლემად მიაჩნდათ. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ცვლილებების გასატარებლად ასეთი ზომების მიღებაა საჭირო. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც ცვლიელებს სხვაგვარად ახორციელებსა და ზოგჯერ ასეთი მოვლენები გვაკვირვებს ხოლმე. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ამ სიტუაციაში რუსეთია ჩართული, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ.


როგორ ფიქრობთ, სანქციები დაწესდება?

გააჩნია რა მოხდება. ვიცი, რომ ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს საქნციების დაწესებისთვის საჭირო კანონმდებლობის ტექსტის შემუშავება. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გააკეთებენ რუსები. თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც აქამდე ვითარდებოდა, ვიფიქრობ, რომ სანქციები დაწესდება. მეორეს მხრივ, თუ დაძაბულობამ მოიკლო და თუ რუსეთი ბოლომდე არ მიიყვანს იმას, რისი განზრახვაც ცხადად დაგვანახა, სანქციები შესაძლოა არ დაწესდეს.

ფიქრობთ თუ არა, რომ ევროპელები თავშეკავებით მიუდგებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება ამერიკამ მიიღო? ამის არგუმენტად შეიძლება ის იყოს მოყვანილი, რომ რუსეთი ევროპის ზომით მესამე სავაჭრო პარტნიორია და რუსეთის ენერგო რესურსებზე მჭიდროდაა დამოკიდებული.

ჩემი აზრით, ევროპელები ყოველთვის უფრო ფრთხილები არიან, ვირე შეერთებული შტატები. მაგრამ ამასთან ერთად, ისინი გეოგრაფიულად ძალიან ახლოს არიან სიტუაციასთან და მათ ასევე ძალიან აღელვებთ ენერგოუსაფრთხოება. ევროპაში რუსული ენერგორესურსების დიდი ნაწილი უკრაინის გავლით მიდის. ის, რაზეც ამჟამად სენატში საუბრობენ, მათ შორის მეც, არის ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ევროპის სახელმწიფოებისთვის ენერგო რესურსების მიწოდებას გაუადვილებს. იმას გვერდს ვერ ავუვლით, რომ რუსეთი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ევროპელები ჩვენსავით ფიქრობენ, ეს დესტაბილიზაციას იწვევს, არავის არაფერში ეხმარება, მსოფლიოს განვითარებას ხელს უშლის. აუცილებელია მოქმედებებს ახლდეს შედეგები და განსაკუთრებით ისეთ მოქმედებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

თქვენი აზრით, ინვესტორები გამოიჩენენ თუ არა სიფრთხილეს რუსეთში ფულის დაბანდებაში უკრაინის მოვლენების შემდეგ? რამდენად შეიძლება იყოს ეს თავშეკავება ზიანის მომტანი რუსეთისთვის?

ინვესტიციებთან და ინვესტორებთან გამოცდილების ქონაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი, არაფერი ანელებს ინვესტიციებს ისე, როგორც ისეთი გაურკვევლობა, როგორიც დღეს არსებობს. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენებს, იქნმიან წარმოდგენას მათი ინვესტიციების უსაფრთხოებაზე და შედეგად, უნდა დავასკვნათ, რომ მიმდინარე მოვლენებს უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება. ვითარება სწრაფი ტემპით იცვლება და საბოლოო შედეგის დანახვა რთულია. თუმცა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში.

უნდა ველოდეთ თუ არა საქართველოში მსგავსი სცენარის განვითარებას შემოდგომაზე, როცა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავს? თუ არის მსგავსი სცენარის განვითარების შესაძლებლობა, მაშინ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას იმისთვის, რომ შესაძლო კრიზისი თავიდან იქნას აცილებული?

მე ამას არ მოველი და გეტყვით რატომ. უკრაინაში კრიზისის გამომწვევი ფაქტორი პრეზიდენტის მიერ იმის გაკეთებაზე უარის თქმა იყო, რაც ხალხს სურდა. საქართველოში ვითარება, ჩემი აზრით, პირიქითაა. მთავრობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შემოდგომაზე მოაწერს ხელს შეთანხმებას და ეს გადაწყვეტილება ხალხის მიერ იქნება მხარდაჭერილი. ამასთან ერთად, რუსეთი 6 წლის წინ უკვე შეიჭრა საქართველოში და ახლა, მგონი აღარ აქვთ ჯარების შეყვანის გასამართლებელი საბაბი. ასე რომ, არ მგონია საქართველოში მსგავსი მოვლენები განვითარდეს.

გასულუ წლის მაისში თქვენ გამოაქვეყნეთ განცხადება, სადაც შეშფოთება გამოხატეთ საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. დღეს როგორ აფასებთ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა დემოკრატიაა და ყველა დემოკრატიული ქვეყანა დასაწყისში მტკივნეულ პერიოდს გადის. 240 წლის წინ ჩვენც იგივე პროცესი გავიარეთ. ჩემი აზრით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის იწყება ბრძოლა ასევე იწყება უთანხმოება, დაპირისპირება. საქართველო ამ მხრივ სწორ გზას ადგას.

შარშან ეს შეშფოთება გამოვხატე და ამაზე ახლაც შეშფოთებული ვარ. თუმცა, მგონია, რომ მდგომარეობა შემსუბუქდა მაშინდელთან შედარებით. როცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩამოდიან, მე მათ ვხვდები და ყოველ შეხვედრაზე მათთან ამ შეშფოთებას გამოვხატავ. მათ ესმით ჩვენი შეშფოთების მიზეზი და ვფიქრობ, რომ ამაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ერთი რამ, რაც მხიბლავს ქართველ ხალხში არის ის, რომ მათ სწორად მოქმედება, სამართლის აღსრულების დანახვა სურთ. ხალხს უნდა დაინახოს ის, რომ პოლიტიკა და სასამართლო სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. ამის გათვალისწინებით, მგონია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

გაქვთ თუ არა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობის დასამყარებლად? სააკაშვილის და ამერიკის წინა ადმინისტრაციის მმართველობის დროს საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან ახლო ურთიერთობა არსებობდა. მოგვიანებით ამ ურთიერთობის რიტმი დავარდა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მისი არსებულ დონეზე დაბრუნება?

პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, განსხვავება შეინიშნება, თუმცა არ მგონია, რომ ეს ურთიეთობის გაციება იყოს. ამას უფრო განსხვავებულ პერსონალურ მახასიათებლებს ვუკავშირებ. თქვენ მართალი ბრძანდებით იმაში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან ახლოს იყო ამერიკასთან. ეს იმიტომ, რომ ის ამ ურთიერთობაზე უწყვეტად მუშაობდა და ამ ოფისში მასთან არაერთხელ ვარ შეხვედრილი, როცა ის ვაშინგტონში ჩამოდიოდა.

ახლანდელ მთავრობას, ჩემი აზრით, განსხვავებული ფოკუსი აქვს. გეთანხმებით, რომ სააკშვილის დროს, ურთიერთობა ნამდვილად უფრო ახლო იყო იმის გამო, რომ ის აგრესიულად მუშაობდა ამაზე. ამერიკელები ამას აფასებენ და ამასთან, არ მგონია რომ ახლა არსებული ურთიერთობა რაიმე სირთულეს წარმოადგენდეს. ჩვენ ძალიან მოგვწონს იმის დანახვა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა დემოკრატიის აშენებას ცდილობს და ჩვენ მზად ვართ მეგობრობის ხელი ვაგუწოდოთ ნაბისმიერ ქვეყანას, რომელიც ამას აკეთებს.

რას ფიქრობთ ნატოს გაფართოებაზე და საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაზე? თქვენი აზრით, შედის თუ არა ნატოს ინტერესებში ალიანსის გაფართოება ამ ეტაპზე?

არსებობს უამრავი საფეხური და მოვლენები სწრაფად არ ხდება. ხშირად დიდი სიფრთხილე გამოიყენება და პროცესი მტკივნეულად ნელია. ჩემი აზრით, საქართველო მზადაა და მე სიხარულით დავუჭერ მხარს საქართველოს მაპის სტატუსში გადასვლას. უკრაინა მგონი ჩამორჩება ამ მხრივ. ჩემი გადმოსახედიდან, ორივე ქვეყანამ სათანადო ნაბიჯები გადადგა მაპის სტატუსთან დასაახლოებლად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მხრივ და იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამერიკას უფრო აქტიურად ჩაერთოს ევროპელ პარტნიორებთან ამ პროცესის დასაჩქარებლად?

აქ საკვანძო სიტყვა “პარტნიორია.” ჩვენ ევროპელების პარტნიორები ვართ და ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ნატო ძალიან წარმატებული ალიანსია და მისი წარმატება უნდა გაგრძელდეს. წარმატების შესანარჩუნებლად კი აუცილებელია პარტნიორებთან თანამშრომლობა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG