ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: ხალხი დაიღალა ლაპარაკის მოსმენით, მათ ქმედითი ნაბიჯების დანახვა სურთ


ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შეეგები გამოაქვეყნა. კვლევის მთავარი აქცენტები ქვეყნის განვითარების კურსს, ჯადაცვის სფეროსა და ქალების პოლიტიკაში ჩართულობას ეხებოდა.

"ამერიკის ხმა" NDI-ის პროგრამების მენეჯერ მელისა მუსიოს ესაუბრა.

რა იყო ამ კვლევის მთავარი მიგნებები?

ვფიქრობ, ამ კვლევას 3 მთავარი მიგნება ჰქონდა და ესენია: ქვეყნის განვითარების მიმართულება, ჯანდაცვის საკითხები და ქალების ჩართულობა პოლიტიკაში.

სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარების მიმართულების მხრივ, ახლა ყველაზე ცუდი მონაცემები გვაქვს ვიდრე ეს აქამდე იყო. რესპონდენტების 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და მხოლო 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. საინტერესოა, რომ ამ კვლევაში ჩვენ ქვეყანის მიმართულების ტრენდები ლარის ღირებულებას შევადარეთ. როდესაც ლარი გამყარებულია, მაშინ ხალხი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო როდესაც ლარი უფასურდება, ხალხის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულების ვითარდება, იზრდება.

ეს გვაჩვენებს, რომ არსებობს ძალიან მყარი კორელაცია ეკონომიკასთან. ესაა ის, რითაც მოსახლეობა შეშფოთებულია, რაზეც ხალხს სურს ყურადღების გამახვილება. როდესაც ხალხი ეკონომიკით იმედგაცრუებულია, სწორედ მაშინ იცვლება მათი აღქმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშრებითაც.

პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მხრივ, ჩვენ მეტ მხარდაჭერას ვხედავთ, რაც ძალიან დადებითი სიახლეა. გაიზარდა მხარდაჭერა ქალების 30%-იან ჩართულობაზე პარლამენტში. აქამდე ამ ინიციატივას 69% უჭერდა მხარს, ბოლო გამოკვლევამ 83%-იანი მხარდაჭერა გვაჩვენა.

კიდევ უფრო დიდი ცვლილება დავინახეთ იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა პარალმენტში გენდერული კვოტა 50%. ამაზე ხალხის 46 % დადებითად გვპასუხობს, რაც წინა კვლევაში 32% იყო.

სხვა რა საკითხები გამოიკვეთა, რითიც საქართველოს მოსახლეობა შეწუხებულია?

ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და მნიშნელოვანი საკითხია საქართველოს მოსახლეობისთვის. კვლევა ასევე გვაჩვენებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სიაში წამოიწია. ეს საკითხი, მოსახლეობის 29% აწუხებს. მაგრამ ხალხი ძალიანაა ფოკუსირებული ყოველდღიურობაზე და გავლენაზე, რომელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მათ ცხოვრებაზე ახდენს. ამიტომ, ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ სამსახურზე, პენსიაზე, ინფლაციასა და ფასებზე.

პოზიტიური ახალი ამბავი ისაა, რომ ხალხი კმაყოფილია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობითა და მომსახურების ხარისხით. თუმცა, ეს საკითხიც ისევ ეკონომიკას უკავშირდება. ადამიანები წუხან ჯანდაცვის მომსახურების ფასების გამო და ამბობენ, რომ სწორედ ფასების გამო უარს ამბობენ წამლის ან სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

უჭერენ თუ არა გამოკითხული ადამიანები მხარს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაერთიანებას?

დიახ, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროატნალტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 78%, ხოლო ნატოში კი 71% უჭერს მხარს. ორივეს მხარდაჭერა მცირედით გაიზარდა წინა კვლევებთან შედარებით. ევროკავშირის მხარდაჭერა 4%-ით, ნატოსი კი, დაახლოებით, 10%-ითაა გაზრდილი 2012 წლის შემდეგ.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა კმაყოფილი უნდა იყოს ამით. თუ ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას, მეორეს მხრივ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებს.

კვლევამ ასევე გვაჩვენა, რომ რესპონდენტების, თითქმის, ნახევარმა ნოსტალგია გამოხატა საბჭოთა კავშირის მიმართ. მათ, ასევე, ეშინიათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის აგრესიას გაამწვავებს.

ასე რომ, მთავრობას მუდამ უნდა ახსოვდეს ეს საკითხები და უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მუშაობა. მთავრობამ ხალხს უნდა დაანახოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უპირატესობები და ამასთან, ეს სწორედ იმ საკითხებს უნდა დაუკავშიროს, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს.

რა რეკომენდაციებს გაუწევდით საქართველოს მთავრობას ამ ბოლო კვლევიდან გამომდინარე?

როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, უკვე დიდი ხანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში იცის, რომ ქვეყანაში, სამუშაო ადგილების არ არსებობა პრობლემაა. თუმცა ახლა, უფრო მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ აღიარონ, რომ ეს პრობლემა არსებობს. მათ ხალხს უნდა დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აქვთ კონკრეტული გეგმები. ხალხი დაღლილია მხოლოდ ლაპარაკის მოსმენით. ადამიანებს სურთ დაინახონ ქმედითი ნაბიჯები და ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში.

ეს ეხება როგორც მთავრობას, ისე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციის ჩათვლით. მესმის, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს ცვლილებების განხორციელება რთული იქნება, მაგრამ მათ, როგორც მინიმუმ, ხალხს უნდა დაანახონ, რომ აქვთ ალტერნატივა, პრობლემის გადაჭრის კონკრეტული ხედვა.

საკმარისი აღარაა მხოლოდ სამუშაო ადგილებსა და ანაზღაურებაზე საუბარი. მათ [პოლიტიკოსებმა] ხალხს უნდა აჩვენონ, რომ ამ საუბრის მიღმა, რეალურად არსებობს რაღაც ხელჩასაჭიდი და ხალხს მისცენ იმის რწმენა, რომ მდგომარეობა გამოსწორებისკენ მიდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG