ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ იკლებს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა?


ფოტო: რადიო თავისუფლება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში, 78 პროცენტიდან 61 პროცენტამდე შემცირდა - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი. ამავე დროს, 10 პროცენტიდან, 21 პროცენტამდე გაიზარდა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია.

ამის შესახებ ნათქვამია, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) კვლევაში. NDI-ის დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით, შემთხვევით შერჩეული 4 448 რესპონდენტი გამოკითხა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გაცხადებულ სტრატეგიულ მიზანს - ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, ყველაზე მეტად ემხრობიან თბილისში(72%), თელავში(69%), ქუთაისსა (68%) და მცხეთაში(67%). ევროკავშირში გაწევრიანებას კი ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს: გურჯაანში(32%), ახალციხესა(28%) და გორში(25%).

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა

მედიის განვითარების ფონდის თავჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ანტიდასავლურიგანწყობების ზრდა, პირდაპირ პროპორციული ქართულ მედია და პოლიტიკურ სივრცეში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან.

„როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საქართველოშიც რუსული პროპაგანდა დამყარებულია სიცრუეზე და ფაქტების ფაბრიკაციაზე. გარკვეულ ტექნოლოგიებსაც იყენებენ, როგორიცაა მცდარი დილემის შექმნა.

მაგალითად: „კარგია ნატო, მაგრამ ნატოში შესვლა ნიშნავს ტერიტორიების დაკარგვას“. იგივე - „ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს ინცესტის დაკანონებას.“ მაშინ როცა თავად რუსეთში ინცესტი არ არის კრიმინალიზებული.

იგივე, მითი, რომ თითქოს, დასავლეთი ჩვენ გვაიძულებს რომ „მოვახდინოთ ჰომოსექსუალობის ლეგალიზება“, „დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება“. ასევე მითი, რომ „დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებლობას“ და რუსეთი წარმოდგენილია, როგორც ერთადერთი მოდარაჯე და დაცველი ქრისტიანობის.

ანუ, სიცრუე ანტიდასავლური პროგადანდის მთავარი წყაროა და ამ გზით ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“

NDI-ის კვლევაში, კითხვაზე „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას“, 46%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 31%-მა დადებითი. იგივე შედეგი დაფიქსირდა,2015 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის დროსაც.

გამოკითხულთა 45%-ი აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელ მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით; 30%-ი კი თვლის, რომ სარგებელი მეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს, 2015 წლის აპრილის შემდეგ, 4%-ით არის შემცირებული, ხოლო 2014 წლის აგვისტოს შემდეგ - 9 პროცენტით.

რესპოდენტთა რაოდენობა კი, რომელთა აზრითაც, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ, საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანს, 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, 11 პროცენტით არის გაზრდილი. NDI-ისსაქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს

„ოდნავი კლება შეინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერაში და მოსახლეობა განიხილავს ორივე კავშირის - ევრაზიისა და ევროკავშირის სარგებელს და ეს სარგებელი მთლიანად არის ეკონომიკური და არა არის პოლიტიკური. რესპოდენტების 12%-მა ისიც კი განაცხადა, რომ ორივეს დაუჭერდა მხარს.

ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ ოდნავ არის დაკლებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროატლანტიკურ და ევროპული კავშირისგან რეალურ სარგებელსა და ბენეფიტებს ხედავენ და ოდნავ გაზრდილი არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის უფრო სარგებლიანი იქნება ევროპული კურსის დათმობის სანაცვლოდ, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

თუკი ვინმეს სურს, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს, მათ უნდა ისაუბრონ იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც შესაძლოა, ევროპულ კურსს ჰქონდეს, რათა მოსახლეობამ შეცვალოს თავისი აზრი.“

NDI-ის კვლევის თანახმად, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები, თავის არჩევანს უმეტესად სწორედ ეკონომიკური სარგებლით (71%) ხსნიან და არა პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივით. მაშინ, როცა ევროკავშირის მხარდამჭერთა მხოლოდ 68%-ი მიუთითებს, საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებელზე.

XS
SM
MD
LG